საქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილის შენახვაზე ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 200 000 ლარამდე არის დახარჯული, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
ბრეგაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს სამედიცინო მომსახურება ყოველთვის მიეწოდებოდა და ახლაც მიეწოდება.
„იუსტიციის სამინისტრო პასუხისმგებელია, რომ ნებისმიერ პატიმარს მიეწოდოს სამედიცინო მომსახურება. სამედიცინო მომსახურება მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის მიეწოდებოდა და ახლაც მიეწოდება. ის იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ფუნქციონირებს თბილისში, ეს არის კლინიკა, ის განთავსებულია პალატაში და იღებს სამედიცინო მომსახურებას. ამ ნაწილში არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. დაახლოებით 200 000 ლარამდე არის დახარჯული ერთი წლის განმავლობაში, მაშინ როდესაც ერთი პატიმრის შენახვაზე დაახლოებით იხარჯება 17 400 ლარი წელიწადში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.