პოლიტიკა
საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს ხელი მოაწერეს

 საქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს ხელი მოაწერეს.

ხელმოწერის ცერემონია რუმინეთში, კოტროჩენის სასახლეში გაიმართა. დოკუმენტი გააფორმეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაე ჩუკამ და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.

ცერემონიას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დაესწრო.

დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომელიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან.

ოთხმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმება უზრუნველყოფს წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაციას რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით, განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისთვის.

შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის წყალქვეშა გადამცემი კაბელის პროექტი არის ენერგეტიკის სფეროში შეთანხმების ნაწილი, ევროკომისიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის და ამავე დროს, საფლაგმანო პროექტი საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიის ნაწილი.

ამასთან, ხელმოწერის ცერემონიამდე საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელებმა და ასევე ევროკომისიის პრეიდენმა განცხადებები გააკეთეს.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელი იქნება ახალი შესაძლებლობის ფანჯარა, ეს პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს.

ამასთან, საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის.

რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა კი შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს ამბიციური შეთანხმება უწოდა: „წყალქვეშა ელექტროკაბელის შემდეგ კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება ციფრული კაბელი, ველოდებით, რომ გაფართოვდება საზღვაო ტრანსპორტის მხრივ თანამშრომლობა საქართველოსთან, რომელიც ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორია“.

ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და უნგრეთი ერთი გუნდის პრინციპით უნდა მუშაობდნენ, მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ევროკავშირთან, ჩვენი ქვეყნები აპირებენ, ევროპაში მწვანე ენერგიის სანდო მიმწოდებლები გახდნენ

უნგრეთის პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა პროექტს ისტორიული უწოდა და აღნიშნა: „ეს არის ინოვაცია, 30 წლით ახალგაზრდა რომ ვიყო, ვიტყოდი, ნამდვილი როკენროლია, რომ ყველაზე გრძელი კაბელი იდება შავი ზღვის ფსკერზე“.

ამასთან, ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს მუშაობას აღმოსავლეთ პარტნიორებთან, რომ დაჩქარდეს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით პროექტების იმპლემენტაცია.

მისივე თქმით, „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ გადამწყვეტ ინსტრუმენტად რჩება.

„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ რჩება გადამწყვეტ ინსტრუმენტად მედეგობის, აღდგენისა და რეფორმების წინ წასაწევად. ჩვენ ვიმუშავებთ პარტნიორებთან, რათა დავაჩქაროთ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით გაწერილი 17 მილიარდი ევროს ღირებულების პროექტების იმპლემენტაცია. მნიშვნელოვანია მწვანე და ციფრული გარდაქმნის დაჩქარება და დაკავშირების გაუმჯობესება“, – განაცხადა ვარჰეიმ.