სამართალი
აშშ-ის ელჩი სააკაშვილის უფლებების დაცვაზე საუბრობს

 საქართველო, 16 დეკემბერი, საქინფორმი. გენდერული თანასწორობის შესახებ ეროვნული კონფერენციის ფარგლებში ჟურნალისტებთან საუბრისას, აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა 15 დეკემბერს განაცხადა პატიმრობაში მყოფ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, რომ უზრუნველყოს მისი უფლებების პატივისცემა, რომ მან მიიღოს მისთვის საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება და ჰქონდეს წვდომა სამართლიან სასამართლოზე“.  

მისივე თქმით, იმ ფონზე, როდესაც მიმდინარეობს სასამართლო მოსმენა, სამართლებრივი პროცესები უნდა წარიმართოს ადამიანის ძირითადი უფლებების შესაბამისად და პირადი ცხოვრების დაცვით, ისევე როგორც სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვით“.

ელჩის განცხადებამდე ერთი დღით ადრე, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა კლინიკა „ვივამედში“ სხვადასხვა დროს გადაღებული ვიდეოკადრები გაასაჯაროვა, სადაც პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია ნაჩვენები. გუშინ დილას კი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა განაცხადა, რომ მან სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების საკითხის შესწავლა დაიწყო. ამასთან, სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ აღნიშნა გუშინ, რომ ასეთი კადრების გავრცელება „სისხლის სამართლის დანაშაულია“ და რომ ვიდეომასალა სააკაშვილის ნებართვის გარეშე გასაჯაროვდა.

ელჩმა სააკაშვილის შესახებ განცხადება გუშინაც გააკეთა მას შემდეგ, რაც ტექნიკური მიზეზების გამო სააკაშვილის სასამართლო მოსმენაზე ჩართვის საშუალება არ მიეცა. „სასამართლო პროცესის გადადება მოულოდნელი იყო“, – აღნიშნა მან. „ამერიკის შეერთებულ შტატებში, როდესაც მოსამართლე ითხოვს გარკვეული ნაბიჯების გადადგმას, ყველა აკეთებს თავის მაქსიმუმს იმისათვის, რომ სასამართლოს განკარგულება შესრულდეს“.  

მისი თქმით, საკითხი გადაუდებელ გადაწყვეტას მოითხოვს, ვინაიდან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ სერიოზული წუხილები არსებობს სააკაშვილის ჯანმრთელობასთან და კეთილდღეობასთან დაკავშირებით. „შემდგომი დაყოვნება მხოლოდ გაზრდის წუხილებს და კითხვებს მისი კეთილდღეობის შესახებ“.