საქართველო, 16 დეკემბერი, საქინფორმი. გენდერული თანასწორობის შესახებ ეროვნული კონფერენციის ფარგლებში ჟურნალისტებთან საუბრისას, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა პატიმრობაში მყოფ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ მისი, როგორც პატიმრისა და ბრალდებულის უფლებები სრულად იქნას დაცული.
მან იმ ფაქტზეც გაამახვილა ყურადღება, რომ ტექნიკური მიზეზების მოტივით 14 დეკემბერს სააკაშვილი სასამართლო სხდომას ვერ დაესწრო და აღნიშნა, რომ „ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ მას მისცემენ შესაძლებლობას, წარდგეს სასამართლოს წინაშე“. მისი თქმით, 21-ე საუკუნეში „ისეთ მოწინავე ადგილას, როგორიც თბილისია, რთული გასაგებია, თუ რატომ გახდა შეუძლებელი მისთვის სასამართლოს წინაშე წარდგომა“.
ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ „ტექნიკურად შესაძლებელი იქნება, რომ მან [სააკაშვილმა] ეს ონლაინ გააკეთოს, რადგან მისი, როგორც ბრალდებულის, უფლებები სრულად უნდა იყოს დაცული“.
ელჩის თქმით, იგი მოხარულია, რომ ექს-პრეზიდენტმა გადაწყვიტა, აღარ გააგრძელოს შიმშილობა და დასძინა, რომ „ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს მის ჯანმრთელობას და ველით შემდგომ ნაბიჯებს, რომელსაც ქართული სასამართლო გადადგამს“.