პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობა უნიკალურია, რომელიც გამოცდილია საუკუნეების განმავლობაში

 საქართველო, 16 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობა და რაც მთავარია, მეგობრობა, ჩვენი ურთიერთობა უნიკალურია, რომელიც გამოცდილია ბოლო წლების და საუკუნეების განმავლობაში-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საერთო მიზანი სტაბილური რეგიონის ხილვაა, რომელიც მეტი ეკონომიკური განვითარების და მეტი კეთილდღეობის საფუძველია.

„მოგესალმებით ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო კოლეგებო. ჩემთვის დიდი პატივია ვუმასპინძლო ჩვენს მეგობარს, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს, ბატონ ალი ასადოვს და აზერბაიჯანის დელეგაციას. დღეს გაიმართება ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის სხდომა, მე მინდა ყველას მოგესალმოთ. პირველ რიგში, მე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობა და რაც მთავარია, მეგობრობა. ჩვენი ურთიერთობა არის მართლაც, უნიკალური, რომელიც გამოცდილია ბოლო წლების და საუკუნეების განმავლობაში. გვაქვს ძლიერი მეგობრობა და ძლიერი კეთილმეზობლური ურთიერთობები. ჩვენ მოხარული ვართ, რომ რამდენიმე კვირის წინ ვუმასპინძლეთ ბატონ ილჰამ ალიევს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი საქართველოში. განვიხილეთ ჩვენს შორის მიმდინარე სტრატეგიული პროექტები, დავსახეთ გეგმები, რომელზეც დღესაც გვექნება საუბარი. კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ ერთობლივი კომისიის სხდომები ბოლო პერიოდში გააქტიურდა. მე მქონდა პატივი, რომ შარშან მონაწილეობა მიმეღო აღნიშნული კომისიის ფარგლებში ბაქოში გამართულ სხდომაში.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ წელს ჩვენ აღვნიშნავთ სიმბოლურად დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლისთავს. ჩვენს ხალხებს, ქვეყნებს შორის არსებობს სრული გაგება და სრული მეგობრობა. ეს ურთიერთობები კიდევ უფრო ღრმავდება და ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სანიმუშო პარტნიორობით, ჩვენ ხელს შევუწყობთ უფრო სტაბილურ სამხრეთ კავკასიას. ეს არის ჩვენი საერთო მიზანი, საერთო სურვილი, რომ ვიხილოთ სტაბილური რეგიონი, რომელიც იქნება საფუძველი მეტი ეკონომიკური განვითარების და მეტი კეთილდღეობის ჩვენი ხალხებისთვის. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბატონო პრემიერ-მინისტრო და გთხოვთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.