სამართალი
სააკაშვილი „მოქმედებს თვითდაზიანების რეჟიმში“ - საქართველოს იუსტიციის მინისტრი

 საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ 13 დეკემბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა, რომ დაპატიმრებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომლის გაუარესებულმა ჯანმრთელობამ შეშფოთება გამოიწვია, ხელს უშლიდა ექიმების საქმიანობას და „ასევე კონკრეტულად ხელს უშლიდა სასამართლოს საქმიანობას“.

მისივე თქმით, „გარკვეული სიმულაციები, რა თქმა უნდა, არის, ამის შესაბამისი მტკიცებულებებიც გვაქვს“.

ბრეგაძემ ხაზი გაუსვა, რომ „თუ არ შეწყდება ეს სიმულაციური ქმედებები, რომელიც მიზნად ისახავს სასამართლოზე ზეწოლას იმისთვის, რომ მოპოვებული იყოს თავისუფლება სამართლებრივი გზების გარეშე და განხორციელდეს კონსტიტუციით აკრძალული ქმედება, ამ მიზნით, ჩვენ იძულებულები გავხდებით, სწორედ ამ ლეგიტიმური მიზნიდან გამომდინარე, რომ გავასაჯაროვოთ გარკვეული კადრები“.

სააკაშვილი ამჟამად კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობს, სადაც ის იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით 2022 წლის 12 მაისს გადაიყვანეს. მას შემდეგ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან უარესდება. მისმა ადვოკატებმა დეკემბრის დასაწყისში სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნით სასამართლოს მიმართეს. ექს-პრეზიდენტის საქმეზე სასამართლო მოსმენა ამჟამად მიმდინარეობს.

სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ქართველი და საერთაშორისო ექსპერტებისა და ექიმების მიერ გავრცელებულმა ცნობებმა დაადასტურა, რომ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ემუქრება.

6 დეკემბერს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა „მკვეთრად გაუარესებულია და ფასდება როგორც მძიმე“ და „მოსალოდნელი შეუქცევადი გაუარესების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა დროული და ძირეული ზომების მიღება“. ამავე ინფორმაციით, სახეზეა ნევროლოგიური სტატუსის გაუარესება, ანემიის გაღრმავება, ანორექსია და გასტროენტერალური მოვლენები, წონის მკვეთრი და სწრაფი კლება, კუნთოვანი მასის განლევა, ცხელება, ასევე კახექსია, რაც თავისთავად მძიმე პროგნოზის მქონე მდგომარეობაა. ექიმების თქმით, პაციენტს ჩაუტარდა საქართველოში ხელმისაწვდომი ყველა ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტული კვლევა და მკურნალობა, რამდენიმე პოლიპროფილურ კლინიკაში, მიუხედავად ამისა, პაციენტის მდგომარეობა სწრაფად უარესდება.

უნდა აღინიშნოს, რომ მაშინ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის თანაგუნდელები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით „მანიპულირებას“ და საკითხის „პოლიტიზირებას“ ცდილობენ. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილი „მოქმედებს თვითდაზიანების რეჟიმში“ და „არ ემორჩილება იმ მკურნალობის კურსს, რომელიც შერჩეული არის უშუალოდ ექიმების მიერ“.