საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოში პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა შეწყვიტონ ევროპარლამენტარებისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების წინააღმდეგ აგრესიული ვერბალური თავდასხმები, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გამოუშვით ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი და მიეცით საშუალება, გაიაროს შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა, – ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატების დროს განაცხადა.
„საქართველოს ადგილი ევროპაშია. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ წარმატებით უნდა შეასრულოს კომისიის მიერ წარდგენილი 12 რეკომენდაცია“, – აღნიშნა მაკალისტერმა.
სიტყვით გამოსვლისას ევროდეპუტატმა აღნიშნა, რომ დაძაბული პოლიტიკური სიტუაცია ხელს უშლის საქართველოს განვითარებას და დაასახელა ხუთი პუნქტი.
„მინდა, ხუთი პუნქტი ჩამოვთვალო: პირველი – პოლიტიკურმა ძალებმა თავი უნდა შეიკავონ ნებისმიერი სახის აგრესიული რიტორიკისგან და გააერთიანონ ძალები, რათა გაზარდონ ნდობა პოლიტიკურ და ინსტიტუციურ მოთამაშეებს შორის; მეორე – უნდა აღმოიფხვრას ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესის გადაჭარბებული გავლენა; მესამე – საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მედიის თავისუფლება. ეს გულისხმობს სარედაქციო დამოუკიდებლობას; მეოთხე – საქართველოში პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა შეწყვიტონ ევროპარლამენტარებისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების წინააღმდეგ აგრესიული ვერბალური თავდასხმები; დაბოლოს, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გთხოვთ, გამოუშვით ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი და მიეცით მას საშუალება, გაიაროს შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა“, – განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.