საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა ქორწინების პატივისცემის აქტს ხელი თეთრი სახლის ეზოში, ათასობით მოწვეული სტუმრის წინაშე მოაწერა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: კანონი აშშ-ის ფედერალურ მთავრობას და შტატებს საშუალებას მისცემს აღიაროს ერთნაირსქესიანთა და ინტერრასობრივი ქორწინება.
ამ კანონმა მოიპოვა ლგბტ დამცველების, ასევე, მრავალი რელიგიური ორგანიზაციის მხარდაჭერა.
ქორწინების პატივისცემის აქტი არ იძლევა გარანტიას ქორწინების უფლებაზე — ის განსაზღვრავს, რომ შტატებმა უნდა აღიარონ ერთსქესიანთა ქორწინებები შტატის მასშტაბით და ერთსქესიან წყვილებს აქვთ იგივე ფედერალური სარგებელი, როგორც ნებისმიერ დაქორწინებულ წყვილს.
აღსანიშნია ისიც, რომ ბაიდენმა კანონს ხელი მოაწერა 10 წლის შემდეგ იმ მომენტიდან, როცა ყველა გააოცა ერთნაირსქესიანთა ქორწინების საჯაროდ მხარდაჭერით.
დეტალები: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ინიციატივას მხარი 258 კონგრესმენმა დაუჭირა, 169 კი წინააღმდეგი იყო, თუმცა სენატმა კანონი დაამტკიცა.
საბოლოო ლეგიტიმაციისთვის გადაწყვეტილებას მხოლოდ პრეზიდენტი ჯო ბაიდენის ხელმოწერა სჭირდებოდა.
ახალი კანონი ოფიციალურად გააუქმებს ქორწინების დაცვის აქტს, რომელიც განსაზღვრავდა ქორწინებას, როგორც მამაკაცისა და ქალის ერთობას.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გზა ამ მომენტამდე გრძელი იყო, მაგრამ ვისაც სჯერა თანასწორობისა და სამართლიანობის, არასდროს ნებდება.
"დღეს კარგი დღეა. დღე, როდესაც ამერიკა გადადგამს სასიცოცხლო ნაბიჯს თანასწორობისკენ. თავისუფლებისა და სამართლიანობისკენ, არა მხოლოდ ზოგიერთისთვის, არამედ ყველასთვის", — განაცხადა ბაიდენმა ცერემონიის დაწყებისას.
"დღეს, ქორწინების შესახებ კანონის ხელმოწერით, ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენს პროგრესს. ცოტა რამ არის ისეთი ნათელი და სწორი, როგორც ქორწინების თანასწორობა", — დაწერა მან ტვიტერზე და ლგბტ დროშის ფერებში განათებული თეთრი სახლის ფოტოს გაავრცელა.
on.ge