სამართალი
„მეორე ფრონტის” გახსნაზე ალექსანდრე ანქვაბიც ალაპარაკდა

 საქართველო, 14 დეკემბერი, საქინფორმი. 11 დეკემბერს რუსულ საინფორმაციო სააგენტოსთან „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში, ოკუპირებული აფხაზეთის „პრემიერმინისტრმა“ ალექსანდრე ანქვაბმა განაცხადა, რომ ევროპა მუშაობს, რომ საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი გახსნას.

ჟურნალისტმა ანქვაბს ჰკითხა არსებობს თუ არა საქართველოსთან სიტუაციის ესკალაციის რაიმე საფრთხე და შეეცდება თუ არა თბილისი, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ამ სიტუაციით ისარგებლოს. ანქვაბმა უპასუხა, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყნების „ემისრები“, და „განსაკუთრებით პოლონეთიდან“, მუშაობენ იმაზე, რომ მეორე ფრონტი გახსნან. „მაგრამ, მადლობა ღმერთს, ეს ჯერჯერობით არ ხდება“, – დასძინა მან.

ამ კუთხით, ანქვაბმა აღნიშმა, რომ საქართველოში ბევრი გონიერი ადამიანია, ვინც ესკალაციას არ დაუშვებს“.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სოხუმი „მეორე ფრონტის“ გახსნის შესახებ საუბრობს. ნოემბერში ოკუპირებული აფხაზეთის „უშიშროების საბჭოს“ ხელმძღვანელმა, სერგეი შამბამ განაცხადა, რომ „არსებობს რეგიონში სიტუაციის გამწვავების საფრთხე, რამდენადაც დასავლეთი საქართველოს აფხაზეთში „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს“.

მანამდე სექტემბერში, აფხაზეთის „საგარეო საქმეთა მინისტრი“, ინალ არძინბა მის უწყებასთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე ამბობდა, რომ „არსებობს ბევრი ძალა, რომლებიც იქითკენ არიან მიმართულნი, რომ რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური რესურსები დონბასიდან სხვა მხარეს მიმართოს“. ერთ-ერთი მათგანი საქართველოა, რომელიც აქტიურად მართავს ნატოსთან სწავლებებს, უპილოტო საფრენ აპარატებს ყიდულობს და საკუთარ ტერიტორიაზეც ცდილობს მათ წარმოებას“, – აღნიშნა მან.

საგულისხმოა, რომ ამ ტიპის განცხადებები წააგავს საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობების შესახებ ქართული ოცნების ლიდერებისა და პარტიიდან წასულების ბოლოდროინდელ მინიშნებებს. ცოტა ხნის წინ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპონენტები საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მცდელობებში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მოქმედი მთავრობის „გონივრული პოლიტიკის შედეგად, ეს ყოველივე იქნა თავიდან აცილებული“.

ამგვარი ბრალდებები არაერთხელ უარყვეს ქვეყნის დასავლელმა პარტნიორებმა.