აქტუალური
რუმინეთის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი საქართველოს სტუმრობს

 საქართველო, 14 დეკემბერი, საქინფორმი. რუმინეთის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი, გენერალი დანიელ პეტრესკუ საქართველოს სტუმრობს, სადაც 13 დეკემბერს თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს შეხვდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები განიხილეს.

საუბრისას „განსაკუთრებული ყურადღება“ დაეთმო შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობისა და განვითარების მნიშვნელობას, რეგიონში საქართველოსა და რუმინეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მზარდ დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებს.

ხაზგასმით აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მნიშვნელოვანი როლი და პაკეტის ინიციატივების წარმატებით განხორციელებაში რუმინეთის წვლილი“, – აღნიშნა სამინისტრომ.

ამავე ინფორმაციით, გენერალი პეტრესკუ ასევე შეხვდა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს, სადაც მათ ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

საუბარი შეეხო სამხედრო განათლებისა და სამხედრო წვრთნების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებსაც“, – ნათქვამია სამინისტროს პრესრელიზში.

გენერალ-მაიორმა მადლობა გადაუხადა გენერალ პეტრესკუს რუმინეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.

ვიზიტის ფარგლებში რუმინეთის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა ვაშლიჯვარში სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაც მოინახულა და გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ქართველი გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო.