პუბლიკაციები
„ჩვენ არა მარტო ომი, არამედ ყველაფერი წავაგეთ: ღირსება, ადამიანობა, ჩვენი ქართველობა!“ (ომი 08.08.08. - თვითმხილველის თვალით)

omi52008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საზოგადოებაში არაერთი კითხვა იშვა. მათგან ყველაზე მთავარი კი ესაა: სულ რაღაც დღე-ნახევრის განმავლობაში როგორ მოახერხეს ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ გაწვრთნილმა ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა არცთუ ელიტური და, როგორც ჩვენი ხელისუფლება ირწმუნებოდა, „ნახევრად მთვრალი“ 58-ე არმიის ქვედანაყოფების წინაშე კაპიტულირება?

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ სტუმარია სამხედრო მოსამსახურე ვასიკო შაიშმელაშვილი, რომელსაც, სამსახურებრივ უფლებამოსილებათა გამო, პირადად მოუხდა იმ უსახელო ომის ყველა პერიპეტიის თვალყურის დევნება. შევეცდებით, მისი დახმარებით, თუნდაც, ნაწილობრივ ვუპასუხოთ მკითხველისთვის საინტერესო კითხვებს, მაგრამ წინდაწინ ვიტყვით, რომ სააგენტოს რედაქციის პოზიცია შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ცალკეულ ეპიზოდში რესპონდენტის სადავო თვალსაზრისს, თუმცაღა ჩვენი საუბრის მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან ფრაგმენტებს საგანგებოდ უცვლელად გთავაზობთ.

– თანმიმდევრობით მივყვეთ. რუსეთი ერთი თვის განმავლობაში წვრთნიდა 58-ე არმიას, პირობითი მოწინააღმდეგენი კი საქართველო და სააკაშვილი იყვნენ. წვრთნის დასრულებიდან ერთი კვირის თავზე დაიწყო ომი და მათი შემოჭრა. ამისათვის კი ფორმალურ საბაბად, რასაც დიპლომატიურ ენაზე „კაზუს ბელი“ ეწოდება, იქცა ოსეთის ომონის უფროსის მკვლელობა. თუმცაღა დღემდე უცნობია, ვინ ესროლა...

საქართველოს სამხედრო ძალების პირველი ბრიგადის შემადგენლობაში შემავალი მშვიდობისმყოფელთა ბატალიონი დიდხანს ითმენდა ოსეთის არტილერიის ცეცხლს, სანამ, ბოლოსდაბოლოს, საპასუხო ცეცხლის გახსნა არ გადაწყვიტა. უნდა ითქვას, რომ არტილერისტებმა, როგორც ყოველთვის, ჩინებულად იმუშავეს. და ეს მიუხედავად იმისა, რომ მიზანში ამოღება, ასევე, როგორც ყოველთვის, მობილურების (ფიჭური ტელეფონების, – საქინფორმი) მეშვეობით ხდებოდა, მეთოდით – „ოდნავ წინ, ოდნავ მარჯვნივ“!..

– სწორედ მაშინ ზარ-ზეიმით გვამცნეს, რომ ცხინვალი ავიღეთ და გამარჯვებამდე აღარაფერი გვიკლია. თუმცაღა საბოლოოდ სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა... რა მოხდა სინამდვილეში?

– ცხინვალი ხელიდან ხელში გადადიოდა. ამასთან, როგორც წესი, თუ ჩვენები მას ბრძოლით იღებდნენ, ოსები, შეიძლება ითქვას, ძალისხმევის გარეშე ახერხებდნენ ამას, რადგან ჩვენები იქ უკვე აღარ იდგნენ. ოსებს, ბეჩავებს, უხაროდათ, მაგრამ ეს განწირულთა სიხარული იყო... სწორედ ამის შემდეგ ქალაქს საშინელი საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს.

– როგორ წარმოაჩინეს თავი ოსებმა? ცნობილია, რომ ისინი არცთუ ურიგო მებრძოლები არიან...

– ჩემი განცდილისა და ნანახის მიხედვით, შემდეგი რამის თქმა შემიძლია: სოფლების უმეტესობა მოსახლეობამ დატოვა ან აყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ჩააბარა. გავბედავ და ვიტყვი, რომ ოსები ბრძოლას არც აპირებდნენ. მაგალითად, სოფელ გრომში, სადაც ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო მოტომსროლელთა ოცეული შევიდა, სულ რამდენიმე მთვრალი მოსახლე იმყოფებოდა, მაშინ, როცა ტრანშეები და სანგრები ცარიელი იყო. ამავე დროს, გრომი ერთობ მნიშვნელოვანი სტრატეგიული მონაკვეთი იყო. ამასთან, აქ ვერ აღწევდა მოწინააღმდეგის საარტილერიო ცეცხლი. საჭირო იყო მხოლოდ ამ ადგილის ქვეითი ჯარის ძალებით გამაგრება და თავდაცვითი ბრძოლებისათვის მომზადება. სანაცვლოდ, ოცეულმა სოფლის დატოვების ბრძანება მიიღო, ხოლო ჩინებულად გაწვრთნილი ქვედანაყოფის ნაცვლად აქ რეზერვისტთა რაზმი დატოვეს, რომელიც იმავე ღამეს გამოაძევა კაზაკთა დესანტმა. ვინ იღებდა ასეთ მცდარ და უმეცარ გადაწყვეტილებას, ჩემთვის უცნობია. თუმცა ეს ჯერ მხოლოდ „კოკრები“ იყო...

– ჩვენთვის მაშინ მნიშვნელოვანი იყო ჯავა-როკის გვირაბის მიმართულებაც. იქ რა ხდებოდა?

– ვინც ამ ადგილს იცნობს, ყველამ კარგად იცის, რომ ჯავა, ყველაფერთან ერთად, ბუნებრივი სიმაგრეცაა. აქეთ მარტო ერთი ბილიკი მოემართება და ჯავის აღება შესაძლებელი იყო სრულად დაკომპლექტებული ერთი ბრიგადის ძალებითაც და არა რამდენიმე, მთელ ფრონტზე გაშლილი და ამის გამო დასუსტებული ბრიგადების მეშვეობით. ამასთან, დარწმუნებული გახლდით, რომ სარდლობა სწორად მოქმედებდა, როცა ძირითად იერიშს აქ ახორციელებდა და რომ მოწინააღმდეგეც სწორედ ამ ვიწრო ხეობაში უნდა განადგურებულიყო, ხოლო ცხინვალის აღება მეორე პლანზე გადადიოდა. თუმცა, როგორც მოკლე ხანში გაირკვა, სარდლობა სხვა რამეზე ფიქრობდა. რაზე? პირდაპირ გეტყვით – ეშმაკმა უწყის...

და მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, შაბათ ღამეს ჩვენ ომში ვიმარჯვებდით და აი რატომ: მთელი შაბათი დღე, შეიძლება ითქვას, ჩვენი ბენეფისი იყო, ჩვენმა მწირმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებმა ჩვენს ტერიტორიაზე შემოფრენილი თითქმის ყველა თვითმფრინავი ჩამოაგდეს, ხოლო არტილერისტებმა, მიზანში ამოღების საშუალებათა არარსებობის მიუხედავად, როკი-ჯავა-ცხინვალის გზის ზუსტად დაცხრილვა მოახერხეს!

შედეგად, საღამოსთვის გვირაბიდან ჯარების გამოსვლა შეწყდა, იმდენად მძლავრი აღმოჩნდა ჩვენი იერიში ძალიან ვიწრო მთიანი ხეობის ამ, საომრად ნაკლებად გამოსადეგ, ტერიტორიაზე. იმავე ღამეს რუსებმა ღია რადიოარხით თავიანთი დაჭრილების გასაყვანად ნებართვა ითხოვეს. ჩვენ კი NPSU დაგვირიგეს და ოპერაციის დაწყებისთვის მზადყოფნა გამოაცხადეს.

ხალხი ეიფორიამ შეიპყრო – ჯავაზე იერიშის ბრძანების მოლოდინში ფხიზლობდა! არტილერიამ ცეცხლი ჯერ კიდევ ღამით შეწყვიტა. ზოგს გული დასწყდა, ქვეითები ჩვენ გარეშე მიდიანო... თუმცა მაინც ბედნიერებმა მივლულეთ თვალი, აქაოდა, ბიჭები იქ უჩვენოდაც იომებენ, ჩვენ კი ხვალ საღამოს სახლებში გაგვაგზავნიანო...

რა მოხდა სინამდვილეში, ალბათ, ხვდებით. რუსებმა იმ დღეს დაჭრილები გაიყვანეს. რამდენიმე საათის შემდეგ კი როკის გვირაბთან დაბანაკებული მთელი ხალხი და ტექნიკა ჩვენკენ დაიძრა! რუსებისთვის ჩვენი „თავაზიანობა“ იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ საკუთარი ტექნიკის საწვავით მომარაგებაც ვერ მოასწრეს. საწვავი ნახევარ გზაზე ეყოთ. შემდეგ ორი საათი ცისტერნებს ელოდნენ.

ჩვენი არტილერია კი ამ დროს ჯიუტად დუმდა – ჯარი ისვენებდა, რადგან იცოდა, რომ მოწინააღმდეგეს სანიტარიული კორიდორი შეუქმნეს. რასაკვირველია, კარგად ვიცი, რომ „წესიერი ხალხისთვის ომშიც კი არსებობს კანონები“.

რა თქმა უნდა, უაღრესად დიდი უზნეობა იქნებოდა სისხლად დაღვრილი დაჭრილების უყურადღებოდ მიტოვება, მაგრამ, განა არ შეიძლებოდა მათთვის დახმარების აღმოჩენა, ვთქვათ, ადგილზე, თუნდაც, ჩვენს სამხედრო ჰოსპიტალში?! და განა ეს ჩვენი მხრიდან კეთილშობილებისა და ჰუმანურობის გამოვლენა არ იქნებოდა?! მით უმეტეს, რომ ასეთ ცალკეულ შემთხვევას ნამდვილად ჰქონდა ადგილი. და განა შეიძლებოდა ასე გულუბრყვილოდ მივნდობოდით მოწინააღმდეგეს?! განა საკმარისად არ ვიგემეთ აფხაზური კონფლიქტის გაკვეთილი, როცა „მშვიდობისმყოფელთა“ ძალისხმევით ქართველებს საბრძოლო ტექნიკის გაყვანა აიძულეს და, ამავე დროს, აფხაზებს მათი ტექნიკა გადაამალვინეს?! სწორედ ამ „მიმნდობლობამ“ დააკარგვინა საქართველოს, ვიმედოვნებ, რომ დროებით, მისი მზიანი მხარე...

ამგვარივე რამ მოხდა აქაც. ჰკითხეთ ნებისმიერ სამხედროს, ვინც ცხინვალში იბრძოდა და რაშიც უშუალოდ თავად დავრწმუნდი – ყველა კონკრეტული ბრძოლა მოვიგეთ, მაგრამ ომი წავაგეთ! დილით მოწინააღმდეგე ყველა მიმართულებით გვიტევდა და ეს დასასრული იყო...

იმასაც გეტყვით, რომ ყველა საბრძოლო შეტაკება, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჩვენთვის წარმატებით და მინიმალური დანაკარგებით დასრულდა. თუმცა ამის შემდეგ ყოველ ჯერზე ჯარებს, რატომღაც, უკან ახევინებდნენ. რატომ?! დავრეკე თბილისში და შევეცადე, რაიმე მაინც გამერკვია. მიპასუხეს: კიდევ რა გნებავს! შენ ხომ ყველაფერი არ იცი: აქ წურწუმია მღერის, ხალხი ცეკვავს! ნუთუ ომში გამარჯვება ჩვენს ზემდგომთა გეგმებში არ შედიოდა?!

როცა უკვე სახლში მყოფმა მეათედ გამოვთქვი ხმამაღალი ეჭვი, დედაჩემი აღშფოთდა: რას დაგიჟინია, შე მართლა ჯარისკაცო! ნუთუ ვერ ხვდები, რომ რუსეთი ცუდია?! რამდენიც ვეცადე, აბეზარი აზრი მომეშორებინა, არგუმენტი მაინც მტკიცე მეჩვენა... აი თურმე რატომ დაიღუპა მეოთხე ბრიგადის დიდი ნაწილი, რომელიც, თითქოსდა აღლუმზე, აქტიური საბრძოლო მოქმედებების რაიონის უშუალო სიახლოვეს მარშირებდა! სწორედ კოლონის შუაგულში ჩამოვარდა მაშინ მოწინააღმდეგის კასეტური ბომბი... და აი თურმე რატომ არ დაუშინა ცეცხლი არტილერიამ მოწინააღმდეგის უზარმაზარ ძალებს ვიწრო ხეობაში, სადაც უფრო ადვილია მოახვედრო, ვიდრე ააცილო! და რატომ არ ჰქონდა ჯარებს ცუდად მომუშავე მობილურის გარდა, არანაირი კავშირი.. აი რატომ იყო, რომ დამხმარე საარტილერიო ცეცხლის მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა, თუ არტილერისტების რომელიმე ხელმძღვანელის მობილური ტელეფონის ნომერი იცოდი!..

ახლა ყველაფერი ნათელი და გასაგებია. და ყველაფრის მიუხედავად, ბიჭები მაინც იმარჯვებდნენ... და ამას განსაკუთრებული გმირობის ფასად, ბოლო 16 წლის განმავლობაში სულსა და გულში ჩაბუდებული უდიდესი ენერგიის ხარჯზე აკეთებდნენ. როცა დილაობით, ახალგაღვიძებული საკუთარ თავს ეუბნებოდნენ: თქვენ მხოლოდ შანსი მოგვეცით და თავგანწირვით ვიბრძოლებთ, ჩვენსას დავიბრუნებთ! და ამას აკეთებდნენ კიდეც... რამდენი სამხედრო ვნახე, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე რომ იბრძოდა და დაიღუპა კიდეც... მაგრამ რისთვის?! იმისთვის, რომ თბილისში მავანს ეზეიმა, „კაიფი დაეჭირა“ ან მთვრალს ეღრიალა: მი-შა, მი-შა?! ოჰ, კინაღამ დამავიწყდა, თქვენ ხომ სისხლი ჩააბარეთ, ამისთვისაც მადლობელი ვართ...

მე რა, ცოცხალი გადავრჩი, ნერვებს კი გავუმკლავდები როგორმე. ბევრი კი ლამის გაგიჟდა... წარმოგიდგენიათ, რა დღეში იქნებოდნენ ბატალიონებში დარჩენილნი გაქცეული მეთაურების გარეშე?! თანაც, კაცმა არ იცის, საიდან გამოტყვრნენ გაბღენძილი ჩინოვნიკები და ბრძანებების გაცემა დაიწყეს!..

პირველ ხანებში ემორჩილებოდნენ – არმიაა მაინც და არა ბრბო. თუმცა მოკლე ხანში მიხვდნენ, ვისთან ჰქონდათ საქმე და ეშმაკებთან გაგზავნეს... ყველაფერს ისე აკეთებდნენ, როგორც იცოდნენ და ასწავლეს. ამ პირობებშიც კი არმია თავის სიმაღლეზე რჩებოდა – დისციპლინის უხეშ დარღვევებსა და მაროდიორობას ადგილი არ ჰქონია. არ დავმალავ, დათრობის მცდელობები იყო, მაგრამ თავად სამხედრო მოსამსახურეებმა ძირშივე აღკვეთეს. ამის მოწმეც ვარ. ნასვამი ბიჭები მხოლოდ კვირადღეს ვნახე, როცა უკვე იქაურობას ვტოვებდით. მახსოვს მათი დარცხვენილი და შეცბუნებული სახეებიც. ვერავინ ხვდებოდა – საბოლოოდ რატომ წავაგეთ, აკი ყველა ბრძოლა მოვიგეთ?!

ვაღიარებ, ბევრი ვიფიქრე ამაზე და დავრწმუნდი – ომში ჩვენმა ძვირფასმა ხელისუფლებამ გვიღალატა! ვერცკი წარმოიდგენთ, რა თავგანწირვით იბრძოდნენ ჩვენი ბიჭები და, ამავე დროს, რა სისულელეებს სჩადიოდნენ კეზერაშვილი, „ბლატნოი“ უგულავა, მათი ბარტყი კირკიტაძე და მისთანანი, რომლებიც, კაცმა არ იცის, აქ საიდან მოეხეტნენ!

ამასთან, მე გულუბრყვილოდ ველოდი, რომ თბილისი, როგორც მინიმუმ, სამხედრო მდგომარეობაში იმყოფებოდა. მეგონა, ადამიანთა სულები სიმივით დაიჭიმა, ყველა და ყველაფერი გამარჯვებისთვის მუშაობდა, დანარჩენისთვის კი მიეფურთხებინათ... ჩამოვედი და თვალს არ დავუჯერე... გარშემო სიმშვიდე და ნეტარება სუფევდა! გმირთა მოედნის მიმდებარე პარკში დილიდან ვიღაც ბრიყვი ერთობოდა – ლომების ფიგურებს ახტებოდა... ვერ გავიგე, ჩვენ რა, ამერიკელები ვართ?! ეს ჩვენ ვიბრძვით ერაყში და სხვა კონტინენტზე ვისვენებთ? განა სულ 5 მილიონი არ ვართ (5 მლნ მოსახლეობა, სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, ერთიან საქართველოში სსრკ-ის დაშლამდე ირიცხებოდა, – საქინფორმი), ხოლო ჩვენი ზღურბლიდან 80 კილომეტრში ადამიანები თხრილებში არ დაცოცავდნენ გარდასული ქართული ღირსების აღსადგენად?!.

მეგობარმა ცეცხლზე ნავთი დამისხა – აქაოდა, შენ არ იცი, თავს ვისთვის სწირავდიო!.. გამოდის, მართლაც არ ვიცოდი... არ ვიცოდი, რომ ჩვენი უბნელი მაგარი ბიჭები უწინდებურად, ვითომცა აქ არაფერიაო, ბირჟაზე დომინოს ურახუნებდნენ... რომ ჰკითხო, თავით ბეტონს გაანგრევენ!.. მივედი, ისინი კი „სიფათებს მიკერავენ“, აქაოდა, ჩვენს ბირჟაზე რა გესაქმებაო?! ენას კბილი ძლივს დავაჭირე, რომ არ მეპასუხა – თქვენ რაღა გესაქმებათ ამ ქვეყანაში-მეთქი?!

– ვიცი, ყველა სამხედრო აღაშფოთა იმან, რაც იმ დღეებში დედაქალაქში ხდებოდა...

– რბილად ნათქვამია. ზოგჯერ სურვილი წამძლევს, ქუჩაში გამვლელები გავაჩერო და ვკითხო: რატომ იღუპებოდნენ იქ ბიჭები იდეალებისთვის, რომლებსაც აქ თურმე არავინ იზიარებთ?

მეტსაც გეტყვით. ჩვენ არა მარტო ომი, არამედ ყველაფერი წავაგეთ: ღირსება, ადამიანობა, ჩვენი ქართველობა! და რაც ყველაზე უარესია - წაგება ვაიძულეთ ჯარისკაცებს, რომლებმაც ყველაფერი მოიგეს, მაგრამ რაღაც ურჩხული ყელში სწვდა და წააგებინა...

ომში იგებს ის, ვინც იგებს. თავის დროზე ისრაელმა 2 დივიზია, ანუ ნახევარი არმია დაკარგა, მაგრამ ომი მოიგო, რის გამოც დანაკლისი აღარაფრად ჩააგდო. ჩვენ, ჩემი ინფორმაციით, 700-მდე კაცი დავკარგეთ, 1000-მდე დაჭრილი და ხეიბარი რომ არ მივათვალო. გეკითხებით, რისთვის? იმისთვის, რომ კოდორი და ცხინვალის ქართული სოფლები გადაგველოცა? და რა ვუჩვენეთ მსოფლიოს? ჰო, რუსები ძალიან ცუდები არიან?! და რა, ისინი საიდანმე გამოაძევეს? რა სასიხარულოა!.. მერედა, ჩვენ რა?! სავარაუდოდ, ფულს კვლავაც გვასესხებენ და ჩვენს „ონავარსაც“ ისევ თავზე ხელს გადაუსვამენ?!.

– დასასრულ რას გვეტყოდით?

– ვფიქრობ, ბედნიერი დასასრული არ გამოგვივა. გულახდილად გეტყვით: ახლა უკვე ჩემთვის სულერთია, რომელ ქვეყანაში ვიცხოვრებ! რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, ის საქართველო, სადაც გავიზარდე, ჩემთვის აღარ არსებობს. ფიქრით დიდი ხანია, უცხო ქვეყანაში ვარ. აი ვზივარ იმ ტიპებს შორის, რომლებიც „სი-ენ-ენ“-ს უყურებენ და სულაც არ ანაღვლებთ, რა ხდება ლიბიაში ან ჰონდურასში. მათსავით ტომრებით გამოვგზავნი ქვეყანაში მეორად ტანსაცმელს და თავსაც, სავალალოდ, ბედნიერ კაცად ვიგრძნობ...

 

ესაუბრა გივი ბაქრაძე,

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“