საქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. ჩვენი გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51%-ის მფლობელი იქნება სახელმწიფო. დანარჩენზე ჩვენ გამოვაცხადებთ საერთაშორისო კონკურსს და შევარჩევთ პარტნიორებს, პარტნიორ კომპანიებს, ესაა მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც მინდა ვაცნობო ჩვენს საზოგადოებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ანაკლიის პორტში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2016 წელს ინვესტორთან გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ, ინვესტორის მხრიდან ვალდებულებები არ შესრულდა და პორტი არ აშენდა, რაც არის ძარცვის კლასიკური მაგალითი.
„მეორე საკითხი, რაც მინდა, რომ ვაცნობო საზოგადოებას ეხება ანაკლიის პორტს. ჯერ კიდევ 2016 წელს იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ეს პორტი აშენებულიყო, ეს ყველას კარგად მოგეხსენებათ. მანამდე, ჯერ კიდევ ჩემი პირველი პრემიერობის დროს, ჩვენ ღიად ვსაუბრობდით ყველგან ამ საკითხზე, ყველა ტრიბუნასა და პლატფორმას ვიყენებდით ამისთვის, მათ შორის გაეროს ტრიბუნიდანაც განვაცხადეთ, რომ ჩვენი გაცხადებული ინტერესი და პრიორიტეტი არის ამ პორტის აშენება. 2016 წელს გაფორმდა ხელშეკრულება, შერჩეულ იქნა ინვესტორი, კარგად მოგეხსენებათ ყველას, თუ ვინ არის ეს ე.წ. ინვესტორი, რომელმაც ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება, ანუ ეს პორტი არ ააშენა. ამ ვალდებულების მიხედვით, ჩვენ უნდა მიგვეღო პირველი გემები 2020 წელს, თუ არ ვცდები. რამდენჯერმე გადაუწია მთავრობამ ვალდებულება, 3-ჯერ, 4-ჯერ თუ არ ვცდები და ამის მიუხედავად ინვესტორმა მაინც ვერ შეძლო ინვესტიციების მოზიდვა. თავად ბატონ ხაზარაძეს და მის პარტნიორს, ჯაფარიძეს, 3 მლნ დოლარი აქვთ დახარჯული, ჩემი ინფორმაციით, დანარჩენი მოზიდული აქვთ ინვესტორებისგან, 20 თუ 25 მლნ დაახლოებით და ეს არის. სანაცვლოდ, მთავრობისგან ითხოვდა ტვირთების გარანტიას, მიწა ჩვენი იყო და მიწა უნდა გადაგვეცა და გადავეცით კიდევაც, გზების, რკინიგზის მიყვანას, ასეულობით მლნ უნდა დაეხარჯა მთავრობას და სანაცვლოდ არაფერი უნდა მიეღო. ანუ რეალურად ეს იყო საჩუქარი ბატონი ხაზარაძისთვის. მას შემდეგ რაც 4-5 წლის მერე ჩააგდო ეს პროექტი და ვერ განახორციელა, მას შემდეგ გადაწყვიტეს ამ ადამიანებმა, რომ გაძარცვონ ჩვენი ქვეყანა და რატომ. უჩივლეს ქვეყანას, არბიტრაჟში წაიღეს საქმე და დღეს ედავებიან მილიარდ ხუთას მილიონ დოლარს. წარმოგიდგენიათ რა ხდება? ადამიანმა 5 წელში ვერ შეასრულა ვერც ერთი ვალდებულება, ჩააგდო პროექტი, პორტი არ ააშენა და დღეს ჩვენს ქვეყანას და ხალხს ედავება მილიარდ ხუთას მილიონს. ეს არის ძარცვის კლასიკური სქემა და ჩვენ კარგად ვიცით რა თქმა უნდა, რომ არავითარი რეალური, გულწრფელი, კეთილსინდისიერი მიზანი და ზრახვა ამ პორტის აშენების მიღმა არ იდგა, ეს იყო ჩვეულებრივი გამდიდრების და ძარცვის იდეა.
ამიტომ ჩვენ ახლა ამის თაობაზე, გახსოვთ კარგად, რომ რამდენიმე თვის წინ მე დავავალე ეკონომიკის სამინისტროს, მიდის აქტიური მუშაობა, ვამზადებთ ახალ ტენდერს, კონკურსს, მაგრამ მთავარი მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენი გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51%-ის მფლობელი იქნება სახელმწიფო. დანარჩენზე ჩვენ გამოვაცხადებთ საერთაშორისო კონკურსს და შევარჩევთ პარტნიორებს, პარტნიორ კომპანიებს, ესაა მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც მინდა ვაცნობო ჩვენს საზოგადოებას. ეს პროექტი არის მიტოვებული, ადგილი არის გაპარტახებული, კარგად მოგეხსენაბათ ანაკლიაში რაც ხდება ახლა, მტვრის ბუდედ გადააქციეს ეს ადგილი. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, ჩვენ სასწრაფოდ უნდა შევარჩიოთ ახლა საერთაშორისო პარტნიორი კომპანიები და ჩვენც უნდა დავიწყოთ ინვესტირება ამ პროექტში. ეს პროექტი განხორციელდება ჩვენი თანამონაწილეობით, სახელმწიფო განახორციელებს ამ პროექტს. უცხო კომპანიებთან თუ სხვა კომპანიებთან ერთად, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება“,- განაცხადა პრემიერმა.