აქტუალური
ირაკლი ღარიბაშვილი: სამხედროებისთვის ბინების მშენებლობა სახელმწიფოს ვალდებულება იქნება

 საქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. თავდაცვის ახალ კოდექსში ჩაიწერება, რომ სამხედროებისთვის ბინების მშენებლობა სახელმწიფოს ვალდებულება იქნება, დაჭრა- დასახიჩრების შემთხვევაში დახმარება 7000 ლარის ნაცვლად 20 000 ლარი იქნება, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპვის შემთხვევაში კი ერთჯერადი დახმარება 30 000 ლარი იქნება-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს, ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპვის შემთხვევაში კომპენსაცია 100 000 ლარით განისაზღვრა და ეს აჩვენებს ხელისუფლების დამოკიდებულებას სამხედროებისა და პოლიციელების მიმართ.

ამ კოდექსში სამხედრო მოსამსახურეების სოციალური გარანტიები იყო ჩადებული. მე ადრე ვთქვი, რომ ბინების მშენებლობა არ უნდა იყოს ერთჯერადი, ისე როგორც არ იქნება ერთჯერადი პოლიციისთვის, მანდაც გვინდა, რომ დავარეგულიროთ. კოდექსში ჩაიწერება, რომ ბინების მშენებლობა იქნება სახელმწიფოს ვალდებულება, ეს არ იქნება რომელიმე კარგი მინისტრის კეთილი ნება, ეს უნდა იყოს სახელმწიფოს ვალდებულება და ყოველ 3 წელიწადში ჩვენს სამხედროებს აუშენდებათ ბინები. იგივე გვინდა, რომ გავაკეთოთ პოლიციისთვის. ეს უნდა იყოს ჩვენი ვალდებულება. სხვა უამრავი ბენეფიტები და პრივილეგიები განისაზღვრება სამხედროებისთვის. აი, მაგალითად, ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს და დაჭრა- დასახიჩრების შემთხვევაში, თუ იყო 7000 ლარი კომპენსაცია თუ დახმარება, იქნება 20 000 ლარი. მოვალეობის შესრულების დროს დაღუპვის შემთხვევაში იქნება 30 000 ლარი ერთჯერადი დახმარება. ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპვის შემთხვევაში კომპენსაცია განისაზღვრება 100 000 ლარით, ეს ჯერ კიდევ ბატონი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო, მისი პრემიერობის დროს, რომელიც მათ შორის, პოლიციელებზე გავრცელდა და ეს არის ჩვენი დამოკიდებულება ჩვენი ძალოვანი უწყებების მიმართ, ჩვენი გმირების მიმართ, ჩვენი საამაყო სამხედროებისა და პოლიციელების მიმართ“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.