საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი ევა კაილი კორუფციის ბრალდებით ბრიუსელის პოლიციამ დააკავა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
კერძოდ, პოლიციამ ბერძენი დეპუტატი იმ გამოძიების ფარგლებში დააკავა, რომელიც კატარის მხრიდან შესაძლო კორუფციულ გარიგებებს ეხება. ამ საქმეზე სულ დაკავებულია ხუთი ადამიანი, მათ შორის ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერის პარტნიორი, რომელი ასევე მუშაობდა პარლამენტში, იტალიელი პოლიტიკოსი და ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი.
კაილი არის ბერძნული სოციალისტური პარტიის, „პასოკის“ წევრი. პარტიაში განაცხადეს, რომ მომხდარის გამო კაილი უკვე გარიცხეს პოლიტიკური გაერთიანებიდან.
ევროდეპუტატი ევა კაილი იყო ერთ-ერთი ევროპარლამენტის იმ წარმომადგენელთა შორის, რომლებიც კატარის შრომის ბაზარზე არსებულ მდგომარეობას იკვლევდნენ. კაილი იმყოფებოდა კატარში, რის შემდეგაც იქ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასა.
ცნობისთვის, უფლებადამცველებმა კატარში დასაქმებულ აზიელ და აფრიკელ მიგრანტთა უფლებების არაერთი დარღვევა გამოავლინეს. ევროპარლამენტი კატარისგან სამუშაო ბაზრის რეფორმას მოითხოვდა.