პოლიტიკა
ევროკავშირი: საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია სააკაშვილის ჯანმრთელობაზე

 საქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი. „ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს ბოლოდროინდელ შემაშფოთებელ ცნობებს მიხეილ სააკაშვილის გაუარესებული ჯანმრთელობის შესახებ“, – დაწერა 8 დეკემბერს Twitter-ზე ევროკავშირის პრესსპიკერმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, პიტერ სტანომ.

„[სააკაშვილის] ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე საქართველოს ხელისუფლებაა პასუხისმგებელი და სწორედ მისი მოვალეობაა ყველა საჭირო ზომა მიიღოს, რათა სააკაშვილმა სათანადო სამედიცინო მკურნალობა ჩაიტაროს“, – დასძინა მან.

ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თაობაზე წუხილები ბოლო კვირებში მას შემდეგ გაჩნდა, რაც მისი მძიმე მდგომარეობის შესახებ რამდენიმე ანგარიში გამოქვეყნდა.

სააკაშვილის ადვოკატებმა 1 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს კანონმდებლობის შესაბამისად, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მისი სასჯელისგან გათავისუფლების ან ალტერნატივის სახით სასჯელის გადავადების შუამდგომლობით. სასამართლო საკითხზე მსჯელობას 9 დეკემბერს დაიწყებს.