საქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი. გერმანიაში, ნიდერლანდებსა და ლუქსემბურგში ვიგრძენით მხარდაჭერა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.
„საპარლამენტო დელეგაციის ფორმატში, თითქმის ათდღიანი ვიზიტი გვქონდა გერმანიაში, ნიდერლანდებში, ლუქსემბურგში და შეგვიძლია, რამდენიმე საკითხზე შევაჩეროთ ყურადღება, რაც მოგვაქვს საქართველოში. პირველი, ე.წ. ევროსკეპტიციზმი, რომელიც ახასიათებდა ზოგიერთ ქვეყანას ევროკავშირში, ჩაანაცვლა ევროკავშირის გაფართოების პრაგმატული პოლიტიკის ძიებამ და ჩვენ სამივე ქვეყანაში ვიგრძენით მხარდაჭერა ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების გზაზე. ვიგრძენით, რომ ახლა მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა დაინახოს თავისი თავი, როგორც გეოპოლიტიკური მოთამაშე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, მეორე ხაზგასასმელი საკითხია, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია გულისხმობს არამხოლოდ ევროკავშირის სტრუქტურებში ინტეგრაციას, არამედ მჭიდრო ურთიერთობას ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან.
„ამიტომ მნიშვნელოვანია, საპარლამენტო დონეზე თუ ვისაუბრებთ პარლამენტებს შორის ურთიერთობის უფრო მჭიდრო, უფრო ინტენსიურ ფაზაში გადაყვანაზე. სამივე ქვეყნის პარლამენტებთან შევთანხმდით, რომ გვექნება საკომიტეტო დონეზე, სამუშაო დონეზე გაცვლა, რათა აქტუალური პოლიტიკის ის საკითხები, რომლებიც არის ზოგადი პოლიტიკის მიღმაც, იქნება ეს გარემო, განათლება და ა.შ., ამ საკითხებთან დაკავშირებით კოლეგებთან გვქონდეს გაცვლა-გამოცვლა. მესამე, ახლა მთავარი არის, რომ ჩვენი საზოგადოება, პოლიტიკური ლიდერები იყვნენ იმ მოწოდების სიმაღლეზე, რომელსაც ჰქვია გაერთიანება, რათა მივაღწიოთ ჩვენს მიზანს, ევროკავშირში გაწევრიანებას. სტატუსი, მოლაპარაკებები, ეს ყველაფერი არის ნაწილი პროცესისა, მთავარი არის და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს, ჩვენი მიზანი არის ევროკავშირში გაწევრიანება, რომელიც არ არის მოკლე გზა. ეს გრძელი გზაა და ამ გრძელ გზას სჭირდება ბევრი კუთხით ბრძნულად გავლა. ეს გულისხმობს თავის თავში, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა განვითარდეს ეკონომიკურად, იმ დონეზე, რომ ვიყოთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ჩვენი ქვეყანა უნდა განვითარდეს ინსტიტუციურად, რათა ვიყოთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი და ჩვენმა ქვეყანამ უნდა შეინარჩუნოს სტაბილური გარემო, იყოს რეგიონში უსაფრთხოების მხრივ ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა, რათა გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ეს სამი საკითხი არის, რომლებიც მოგვაქვს ამ ვიზიტებიდან“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, დღევანდელი ვითარების ფონზე, საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი იყო ორმხრივი ურთიერთობების გამყარების მნიშვნელოვანი ნაბიჯი.
„ზოგადად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ამ მომენტში, როდესაც ჩვენ ვართ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესში, როდესაც დაიწყება შემდეგ საქართველოს შეფასება, ეს იყო ორმხრივი ურთიერთობების გამყარების მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რათა საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება, რომელსაც იღებს 27 წევრი ქვეყანა, იყოს პოზიტიური ჩვენ მიმართ“, – დასძინა შალვა პაპუაშვილმა.