საქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტი 1 მილიარდ 768 მილიონი ლარით განისაზღვრა. ამის შესახებ კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე განცხადებით, ფინანსთა სამინისტროსგან მისაღები ტრანსფერი შეადგენს 440 000 000 ლარს, ხოლო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მისაღები თანხების ნაწილი, რომლითაც სხვადასხვა პროექტები უნდა განხორციელდეს, იქნება 136 000 000 ლარი.
„საკრებულოს წარვუდგინეთ პირველადი ბიუჯეტი და იქვე განვუცხადეთ, რომ ეს არ იყო ბიუჯეტის საბოლოო ვერსია. ასევე ვაწარმოებდით მოლაპარაკებას ფინანსთა სამინისტროსთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან, რათა მომხდარიყო დამატებითი ტრანსფერის განხორციელება იმისათვის, რომ ყველა ის დაპირება ამ წლების განმავლობაში იყოს შესრულებული. აღნიშნული მოლაპარაკება დავასრულეთ და მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი განისაზღვრა 1 632 000 000 ლარით. შეგახსენებთ, რომ 2022 წელს ეს თანხა შეადგენდა 1 560 000 000 ლარს.
აქვე მინდა დამატებით განვმარტო, რომ ფინანსთა სამინისტროსგან მისაღები ტრანსფერი შეადგენს 440 000 000 ლარს. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მისაღები სესხის თანხების ნაწილი, რომლითაც სხვადასხვა პროექტები უნდა განხორციელდეს, იქნება 136 000 000 ლარი. შესაბამისად, მთლიანობაში, დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტი იქნება 1 768 000 000 ლარი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს თანადგომისთვის და მხარდაჭერისთვის, ასევე ფინანსთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს და ცენტრალურ ხელისუფლებას, რადგან რომ არა მათი თანადგომა და მხარდაჭერა, შეუძლებელი იქნებოდა იმ პროექტების განხორციელება, რომლებიც ჩვენ დაგეგმილი გვაქვს 2023 წელს.
აღნიშნული თანხებიდან სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, აღდგენისა და განვითარებისთვის დაიხარჯება 530 000 000 ლარი. ინფრასტრუქტურული ობიექტების ექსპლუატაციისა და ავარიული შენობების გამაგრება-ჩანაცვლებისთვის გამოიყოფა 243 000 000 ლარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის 211 000 000 ლარი. ასევე მნიშვნელოვანია ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება, სადაც გამოყოფილი არის დაახლოებით 500 000 000 ლარი. მინდა შეგახსენოთ, რომ წლევანდელ ბიუჯეტში ეს თანხა შეადგენდა 460 000 000 ლარს“, - განაცხადა კახა კალაძემ.