საქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი. ფინეთი და შვედეთი მზად არიან ნატო-ში წევრობისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“მათი სამხედროები აშშ-ისა და ნატო-ს სამხედროებთან ერთად სამსახურს გადიოდნენ კოსოვოში, ავღანეთში, ერაყში, ლიბიაში. ისინი ნატო-ს “პარტნიორობა მშვიდობისთვის” და “გაფართოებული შესაძლებლობების პარტნიორობა” პროგრამების წევრები არიან. მარტივად რომ ვთქვათ, მათ არმიას თითქმის შეუფერხებელი ურთიერთქმედება აქვს ალიანსის ძალებთან”, - განაცხადა ბლინკენმა.
სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ფინეთი და შვედეთი ნატოსთან საერთო ფასეულობებს იზიარებენ - დემოკრატიისადმი ურყევ ერთგულებას, წესებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს, ადამიანის უფლებებისა და ღირსების დაცვას.
“ვთვლი, რომ ნატო ფინეთსა და შვედეთს მალე მიიღებს. მადრიდში ნატო-ს სამიტის შემდეგ ორივე ქვეყანამ კონკრეტული ზომები მიიღო აღებული ვალდებულებების შესასრულებლად, მათ შორის ჩვენი მოკავშირე თურქეთის უსაფრთხოების წუხილების მხრივ”, - დასძინა ბლინკენმა.
interpressnews.ge