საზოგადოება
გზის მონაკვეთი დავით აღმაშენებლის ძეგლთან 4 თვით იკეტება

aghmasheneblis_dzegli19 ივნისიდან აღმაშენებლის ძეგლთან მისასვლელი გზა იკეტება გვირაბის გათხრითი სამუშაოების გამო, რომელიც დაახლოებით ოთხ თვეს გაგრძელდება, – განაცხადა თბილისის მერიამ 17 ივნისს.

„ქალაქიდან გასვლისათვის გელოვანის გამზირიდან დავით აღმაშენებლის ხეივნის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისათვის აღმაშენებლის ძეგლამდე გაკეთდა პირდაპირი შემოვლითი გზა, რომელიც აღმაშენებლის ძეგლის გვერდის ავლით გელოვანის გამზირს აკავშირებს რობაქიძის გამზირთან. ამისათვის ნებისმიერმა სატრანსპორტო საშუალებამ უნდა გადაკვეთოს რობაქიძის გამზირი ხელმარცხნივ აღმაშენებლის ხეივნისკენ“, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იმავე განცხადების მიხედვით, სატრანსპორტო საშუალებამ, მათ შორის, ვინც ქალაქში შემოდის დასავლეთ საქართველოდან და რომელიც რობაქიძის გამზირის გავლით გადაადგილდებოდა დიდუბის ან მარცხენა სანაპიროს მიმართულებით, მშენებლობის პროცესში ალტერნატივად უნდა გამოიყენოს ახმეტელის ქუჩა.

„ყველგან განთავსდება საინფორმაციო ბანერები და ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ, მათი საშუალებით გაეცნონ სიახლეს“, – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.