ამერიკული სამხედრო ხომალდი „Monterey“, რომლის გამოჩენასაც შავ ზღვაში გასულ კვირას მოსკოვის პროტესტი მოჰყვა, 20 ივნისს ბათუმის პორტში შევა.
საქართველოში აშშ-ის საელჩოს ცნობით, Aegis-ის ბალისტიკური რაკეტსაწინააღმდეგო სისტემით აღჭურვილი აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდი ბათუმის პორტში 23 ივნისამდე დარჩება.
„Monterey“ მოქმედებს შავი ზღვის არეალში შავი ზღვის მოსაზღვრე ქვეყნებთან ერთად ერთობლივი საზღვაო წვრთების ჩატარების მიზნით. აშშ-ის საზღვაო ძალების გემები შავ ზღვაში მრავალი წელია, უკვე რეგულარულად იგზავნება, რაც გამოხატავს შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობისა და საზღვაო უსაფრთხოებისადმი აშშ-ის მხარდაჭერას“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ 17 ივნისს გავრცელებულ პრესრელიზში.173 მ სიგრძის „Monterey“, რომლის ბორტზეც 43 ოფიცერი და 323 რიგითი იმყოფება, ბათუმში შემოდის მას შემდეგ, რაც იმავე პორტს 9-12 ივნისს კიდევ ერთი ამერიკული სამხედრო ხომალდი „Anzio“ სტუმრობდა. გემის ეკიპაჟმა საქართველოს სანაპირო დაცვასთან გემის დაზიანების აღმოფხვრაში, ძრავისა და ელექტრომოწყობილობების სარემონტო სამუშაოებში ერთობლივი წვრთნები ჩაატარა.
„Monterey“ შავ ზღვაში გასულ კვირას გამოჩნდა, რათა მონაწილეობა მიეღო მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებში – „Sea Breeze-2011“, რომლის თანაორგანიზატორები უკრაინა და აშშ არიან. ამ ორ ქვეყანასთან ერთად წვრთნებში, რომელიც 6 ივნისიდან 18 ივნისამდე იმართება, მონაწილეობენ, ასევე, აზერბაიჯანი, ალჟირი, ბულგარეთი, დანია, გერმანია, მაკედონია, მოლდოვა, საქართველო, შვედეთი, თურქეთი და დიდი ბრიტანეთი. ორგანიზატორთა თქმით, წვრთნები მეკობრეობის წინააღმდეგ ბრძოლის ტაქტიკას მოიცავდა.
12 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ბალისტიკური რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებით აღჭურვილი „Monterey“-ს შავ ზღვაში გამოჩენასთან დაკავშირებით შეშფოთებაა გამოთქმული.
„რუსულ მხარეს არაერთხელ გაუსვამს ხაზი, რომ უყურადღებოდ არ დატოვებს ჩვენი საზღვრების უშუალო სიახლოვეს აშშ-ის სტრატეგიული ინფრასტრუქტურის გამოჩენას და მსგავს ნაბიჯებს აღიქვამს როგორც ჩვენი უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ საფრთხედ“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.