სამართალი
ყოფილი ქართველი დიპლომატები სააკაშვილის საკითხზე საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავენ

 საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. ყოფილი ქართველი დიპლომატები და მაღალი საგარეო თანამდებობის მქონე პირები საერთაშორისო თანამეგობრობას, მათ შორის, ევროკავშირს, ნატოს, ევროპის საბჭოს, ეუთოს და მათ საპარლამენტო ორგანოებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ყურადღების მიპყრობის მიზნით მიმართავენ და საკითხზე „რაც შეიძლება მკაცრი რეაგირებისკენ“ მოუწოდებენ.

ხელმომწერები მიმართვაში ამერიკელი სამედიცინო ექსპერტების დამოუკიდებელი ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს იშველიებენ, „რაც ავლენს პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებს, მათ შორის, წამებასა და მძიმე ლითონით მოწამვლას“.

ისინი ბოლო პერიოდში ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით, აგრეთვე ხაზს უსვამენ, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს „პატიმრობით გამოწვეული ფსიქოლოგიური, ნევროლოგიური, ორთოპედიული და კუჭ-ნაწლავის დაავადებები, რომლებიც განუხრელად აუარესებს მის მდგომარეობას“.

შედეგად, ხელმომწრები მედიკოსთა ჯგუფის მიერ მიხეილ სააკაშვილის აშშ-ში ან დასავლეთ ევროპაში სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ გაცემულ „მკაცრ რეკომენდაციაზეც“ ამახვილებენ ყურადღებას.

აღნიშნავენ რა, რომ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით მისმა უფლებადამცველებმა სასამართლოს უკვე მიმართეს, ყოფილი დიპლომატები ხაზს უსვამენ, რომ მისთვის „საზღვარგარეთ მკურნალობის ნების დართვა იქნება პირველი ნაბიჯი, რაც ყოფილ პრეზიდენტს პოლიტიკური ჩარევის შიშისგან თავისუფალი, დასავლური სტანდარტის კვლევების ჩატარებისა და მკურნალობის საშუალებას მისცემს“.

მათივე თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ „ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო რეზოლუციით, მიხეილ სააკაშვილი დღევანდელი რეჟიმის პოლიტპატიმარია“, დიპლომატები აღნიშნავენ, რომ „ის უნდა გათავისუფლდეს“. „როდესაც საქართველო ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მოპოვებას ცდილობს, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ევროპის მთელი უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა, მოვლენათა დღევანდელი განვითარება აბსოლუტურად მიუღებელია“.

სხვებთან ერთად ერთობლივ მიმართვას ხელს ასევე აწერენ: გიორგი ბადრიძე – ყოფილი ელჩი გაერთიანებულ სამეფოში; მამუკა გამყრელიძე, ყოფილი ელჩი ჩინეთში, მონღოლეთში, ვიეტნამში; პაატა გაფრინდაშვილი, ეუთოში საქართველოს ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი; გიგი გიგიაძე, ყოფილი ელჩი დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში; ნათია ჯაფარიძე, ყოფილი ელჩი საფრანგეთში და მუდმივი წარმომადგენელი იუნესკოში; ეკატერინა მაირინგ-მიქაძე, ყოფილი ელჩი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ლიბანსა და სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებში.