საზოგადოება
მორიგი შეხვედრა კავკასიური თანამშრომლობის ეგიდით

konf117 ივნისს სასტუმრო „ვერე პალასში“ საქართველოში არსებული დემოგრაფიული პრობლემების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიური თანამშრომლობის“ ინიციატივით სემინარი გაიმართა. ეს უკვე რიგით მეორე შეხვედრა იყო.

ორგანიზაცია „კავკასიური თანამშრომლობა“ 2009 წელს მოსკოვში დაარსდა. მისი დამაარსებელი და დირექტორი გახლავთ პოლიტოლოგი და ისტორიკოსი, ჟურნალ „ექსპერტის“ პოლიტიკის განყოფილების რედაქტორი ნიკოლაი სილაევი.

საქართველოში ანალოგიური სახელწოდების ორგანიზაცია პოლიტოლოგმა გულბაათ რცხილაძემ და ყოფილმა სახალხო დამცველმა ნანა დევდარიანმა ჩამოაყალიბეს. ქართული ორგანიზაცია რუსულისგან იურიდიულად დამოუკიდებლად მოიაზრება, თუმცა ინარჩუნებს მჭიდრო კავშირს რუსულ ორგანიზაციასთან.

როგორც გულბაათ რცხილაძემ საქინფორმთან საუბრისას აღნიშნა, ორგანიზაციის მიზანი ორი ქვეყნის ექსპერტების დაახლოება და მათთვის ამა თუ იმ აქტუალურ საკითხზე ინფორმაციის გაცვლისა და შეხედულებების გაცნობის საშუალების მიცემაა.

გულბაათ რცხილაძე :ორგანიზაციის მიზანია, ქართულ-რუსულ სამეცნიერო, ექსპერტულ წრეებში არსებული პოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, ოდესღაც არსებული ნაყოფიერი სამეცნიერო ურთიერთობების აღდგენა. ეს არის ქართველი და რუსი ექსპერტების, ისტორიკოსების, ეკონომისტების ფორუმი, რომელიც თავისი არსებობით ხელს შეუწყობს უკვე არსებული კონტაქტების გაღრმავებას და ახლი კავშირების დამყარებას.

ქართული „კავკასიური თანამშრომლობის“ დამფუძნებელთა თქმით, ეს არის აპოლიტიკური ორგანიზაცია, რომლის საქმიანობა და მიზნები არც პრორუსულია და არც ანტიქართული.konf2

ხშირად ვყოფილვართ იმის მოწმე, რომ ძალიან ბევრი პოლიტიკოსი თუ არაპოლიტიკოსი არარციონალურად გამოთქვამს აზრს, ვერ განასხვავებს პოლიტიკურ ურთიერთობებს და საზოგადოებრივ თანამშრომლობას. როგორ შეიძლება ეს თანამშრომლობა იყოს ანტიქარული, რომელიც მოწოდებულია იმისკენ, რომ განვითარდეს ურთიერთობები ორი მეზობელი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის. ჩვენი ორგანიზაცია არ ერევა პოლიტიკაში, პარტიულ ქმედებებში. ჩვენი მიზანია მოვლენების ანალიზი, აღწერა იმისა, თუ რა ხდება როგორც ერთ, ისე მეორე ქვეყანაში“,აღნიშნა გულბაათ რცხილაძემ საქინფორმთან საუბრისას.

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ამჯერად კონფერენციის თემა საქართველოში არსებული დემოგრაფიული პრობლემების ანალიზი იყო. კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ავთანდილ სულაბერიძე; ამავე ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი გიორგი წულაძე და ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში, სტატისტიკური დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო არჩვაძე. მომხსენებლებმა ვრცლად ისაუბრეს დემოგრაფიულ პრობლემებზე და ყურადღება გაამახვილეს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე.

გიორგი წულაძემ წარმოადგინა საქართველოს დემოგრაფიული ვითარება და პერსპექტივები 1959-2050 წლებში. დამსწრე საზოგადოებას გააცნო სტატისტიკის დეპარტამენტის, გაეროს, დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის კვლევის მონაცემები.konf3

მოხსენებაში აღინიშნა, რომ მოსახლეობის 2000 წელს ჩატარებული აღწერისას დაფიქსირდა მნიშვნელოვანი ცდომილება. მოსახლეობის რეალური მაჩვენებელი მილიონ 600 ათასით ნაკლები იყო, მათგან ყველაზე დიდი ხვედრითი წილი მოდიოდა საპენსიო ასაკის მოსახლეობაზე. წულაძის განცხადებით, ის ასეულობით ათასი ლარი, რომელიც გამოიყოფოდა არარსებულ პენსიონერებზე, წლების განმავლობაში ვიღაცის ჯიბეში ილექებოდა.

სოსო არჩვაძემ კი აღნიშნა, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველოს პირდაპირი დემოგრაფიული დანაკარგი დაახლოებით ნახევარ მილიონს უტოლდება. მისი თქმით, მნიშვნელოვნად, 30%-ით შემცირდა რეპროდუქციული (25-34 წლის) ასაკის მოსახლეობა, სხვა ასაკისა კი – 17%-ით. 2011 წლის მონაცემებით, ქართველების წილი საქართველოში 84%-ს შეადგენს, მაშინ, როცა აზერბაიჯანში აზერბაიჯანელების წილი 91%-ია, ხოლო სომხეთში ამ მხრივ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 98% დაფიქსირდა. არჩვაძის განცხადებით, პროგნოზი იმის თაობაზე, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს მოსახლეობა 5 მილიონამდე გაიზრდება, რეალურია, მაგრამ ეს მოხდება სხვა ეთნოსის მოსახლეობის ხარჯზე.

ავთანდილ სულაბერიძემ ვრცლად ისაუბრა საქართველოს დემოგრაფიული და საოჯახო პოლიტიკის კონცეფციაზე, რომლის მიზანია 2011-2015 წლებში მოსალოდნელი დემოგრაფიული განვითარების მოდელის განსაზღვრა და შესაბამისი საოჯახო პოლიტიკის სტრატეგიული მიმართულების შემუშავება. მისი თქმით, სახელმწიფომ უნდა გააკეთოს არსებული დემოგრაფიული ვითარების დეკლარირება. ამ მიზნით დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის მიერ შემუშავებული პროექტი კი პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა.

 

P.S. ორგანიზაცია „კავკასიის თანამშრომლობა“ მორიგ შეხვედრას ამჯერად ქართველი და რუსი ჟურნალისტებისთვის ივნისის ბოლოს სომხეთში გამართავს.