საქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიის მოლაპარაკებებისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარ მრჩეველს, ფილიპ რიკერს სამუშაო ვახშმის ფორმატში შეხვდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა და ფილიპ რიკერმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
აღინიშნა სტრატეგიული პარტნიორობის პოზიტიური დინამიკა, რაც ორი ქვეყნის თანამშრომლობის ფარგლებში გადადგმული ნაბიჯებითაა განპირობებული. შეხვედრაზე არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და გაძლიერების სრული მზადყოფნა გამოითქვა. საუბარი ასევე შეეხო რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში შექმნილ უსაფრთხოების ვითარებას და საქართველოს მედიატორულ როლს სომხეთ-აზერბაიჯანის დიალოგში.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი კონფლიქტის მოგვარებისა და წინსვლისთვის ერთადერთი და მნიშვნელოვანი გზა მოლაპარაკებებია. შეხვედრას საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.