სამართალი
ედგარს რინკევიჩსი: ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ საქართველოს გაწევრიანებას ნატო-სა და ევროკავშირში

 საქართველო, 1 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოზეა დამოკიდებული, რა მასშტაბის თანამშრომლობა სურს ნატო-სთან, მაგრამ ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ საქართველოს გაწევრიანებას როგორც ნატო-ში, ასევე ევროკავშირში, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა ბუქარესტში განაცხადა.

მისივე თქმით, პარტნიორი ქვეყნების მიმართ გზავნილი იქნება, რომ მზად არიან, დაეხმარონ სტაბილურობის გაძლიერებაში, რეფორმების განხორციელებაში, მაგრამ ბევრი რამ თავად ამ ქვეყნებზეა დამოკიდებული.

გუშინ ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ 2008 წელს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებებზე. ყველას გაახსენდა, რომ უკრაინასა და საქართველოს მიეცათ ნატო-ს წევრობის დაპირება. ახლა კითხვა არის, რა სახის პოლიტიკურ გეგმას ვსახავთ ამ დაპირების განსახორციელებლად, რომელიც გაიცა აქ, ბუქარესტში, 14 წლის წინ. მთავარი გზავნილი ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის იქნება, რომ ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ სტაბილურობის გაძლიერებაში, რეფორმების განხორციელებაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ბევრი რამ თქვენზეა დამოკიდებული“, – განაცხადა ედგარს რინკევიჩსმა.