უცხოეთი
რიში სუნაკი - მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება - კიდევ უფრო გავზრდით სამხედრო დახმარებას

 საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. დიდი ბრიტანეთი უკრაინისადმი საჰაერო თავდაცვის სისტემებით დახმარებას გაზრდის. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა.

როგორც სუნაკმა აღნიშნა, უკრაინის დაცვით "ჩვენ საკუთარ თავს ვიცავთ".

“ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. შემდეგ წელს ჩვენ შევინარჩუნებთ ან კიდევ უფრო გავზრდით ჩვენს სამხედრო დახმარებას. ჩვენ ახალ დახმარებას მივაწვდით [უკრაინის] საჰაერო თავდაცვას, რათა დავიცვათ უკრაინელი ერი და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, რომელსაც იგი ეყრდნობა. უკრაინის დაცვით ჩვენ საკუთარ თავს ვიცავთ”, - დასძინა სუნაკმა.

მან ასევე უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მიერ გამოყენებულ ტერორისტულ მეთოდებზე ისაუბრა.

“სანამ მთელი მსოფლიო ერთად იკრიბება, რათა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს უყუროს, მე ვნახე ასაფეთქებელი საშუალება როგორ იყო ჩამალული საბავშვო საფეხბურთო ბურთში - მისი ომის იარაღად გადაქცევის მიზნით”, - აღნიშნა სუნაკმა.

ასევე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინის სიდიდით მეორე სამხედრო დახმარების დონორია, აშშ-ის შემდეგ, და წელს ლონდონმა კიევს 2.3 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის დახმარება გადასცა.

interpressnews.ge