საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა გაითვალისწინა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისა და საქართველოში ევროკავშირის ელჩის რეკომენდაციები დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნის თაობაზე.
მისივე თქმით, სწორედ ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კანონპროექტი კომისიაში გაგზავნილიყო.
„საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნის თაობაზე, ვიდრე ის საბოლოო სახით, მესამე მოსმენით მიიღება. ამის მიზეზი იყო თხოვნა, რომელიც საჯაროდ მოვისმინეთ ოლივერ ვარჰეის მხრიდან. ევროკომისრის რეკომენდაცია იყო დოკუმენტის გაგზავნა ვენეციის კომისიაში. ასევე, ჩვენ გვქონდა შეხვედრა ახლად დანიშნულ ევროკავშირის ელჩთან, ასევე პირადად მქონდა შეხვედრა და მისგანაც მოვისმინეთ თხოვნა, კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაგზავნილიყო. ახლაც მგონია, რომ ამ დოკუმენტის ვენეციის კომისიაში გაგზავნა საერთოდ არ იყო საჭირო, თუმცა რადგან ასეთი თხოვნები იყო, მხედველობაში მივიღეთ. შესაბამისად, კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, გარდა ვენეციის კომისიაში გაგზავნისა, კიდევ რა შეიძლება, მოითხოვონ, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა, რათა მხარი არ დაუჭირონ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს, კობახიძემ განაცხადა:
„მათ ერთადერთი მიზანი ამოძრავებთ, არ მოხდეს დეოლიგარქიზაცია. მათ ინტერესებშია, შენარჩუნდეს ოლიგარქიული გავლენები. მაგალითად, კეზერაშვილის ოლიგარქიული გავლენები, სააკაშვილის, ხაზარაძის და ასე შემდეგ. შესაბამისად, მათ სურთ, საქართველოში დეოლიგარქიზაცია არ განხორციელდეს. ერთადერთი მიზანი, ამ კანონის გაგზავნა რატომაც უნდოდათ ვენეციის კომისიაში, იყო საქართველოში მისი ამოქმედებისა და დეოლიგარქიზაციის შეფერხება“, – განაცხადა კობახიძემ.
„ქართულ ოცნებაში“ წინა დღეს განაცხადეს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვაზე უარს ამბობენ და პროექტს ვენეციის კომისიაში გადააგზავნიან.
ამასთან, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია: „მივესალმებით საქართველოს პარლამენტის განცხადებას დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნაზე, რაც პოზიტიური ნაბიჯია“.