საზოგადოება
„თავისუფალი საქართველო“ აშშ-ის პროგრამის დაფინანსებით შეშფოთებულია

tengiz-omanidzeროგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა თენგიზ ომანაძემ განაცხადა, „პროგრამის მიზანი იყო, შსს-ის თანამშრომლებს შეესწავლათ მასების მართვის ტექნიკის დაგეგმვა და დემონსტრაციებისას რეაგირება“.

„საზოგადოება არაერთხელ გამხდარა საქართველოს ძალოვანი სტრუქტურებისგან ძალადობის, არაპროპორციული ძალის გამოყენებისა და ადამიანის უფლებების პერმანენტული შელახვის მოწმე. უკანასკნელი ასეთი ფაქტი 26 მაისს დაფიქსირდა, როცა შსს-ის მოქმედებებს მოჰყვა მსხვერპლი მშვიდობიან მომიტინგეთა შორის და თავად პოლიციის თანამშრომლის სახით. აღარაფერს ვამბობთ ასობით დაშავებულ და უკანონოდ დაპატიმრებულ ადამიანზე. როგორც ცნობილი გახდა, შსს-ის თანამშრომელთათვის მასების მართვის პროგრამის სასწავლო კურსი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსდა. პარტია „თავისუფალი საქართველო“ შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ საკუთარ ხალხზე მოძალადე სახელმწიფო სტრუქტურა დაფინანსებას იღებს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორისა და მეგობარი ქვეყნისგან“, – განაცხადა ომანაძემ.

მისივე თქმით, „აშშ-ის ოფიციალურ პირებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ ამერიკა ზრუნავს საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებაზე და სწორედ ამ ფონზე გაუგებარია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის აღნიშნული გადაწყვეტილება“.

„ჩვენ მოვუწოდებთ ამერიკის მთავრობას, თუკი მისი მიზანი ნამდვილად არის საქართველოში დემოკრატიის განვითარება, გაემიჯნოს მოძალადე ხელისუფლებას, შეწყვიტოს აღნიშნული პროგრამის მსგავსი პროექტების დაფინანსება და ურთიერთობა დაამყაროს არა ერთ პარტიასთან, არამედ ქართველ ხალხთან“, – დასძინა ომანაძემ.