საქართველო, 25 ნოემბერი, საქინფორმი. ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში გაცემული რუსული სამოგზაურო დოკუმენტების არაღიარებას.
ევროპარლამენტის მიერ 24 ნოემბერს გავრცელებული რელიზის თანახმად, გადაწყვეტილებას მხარი 531-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 7 წინააღმდეგი იყო, 34-მა თავი შეიკავა.
წინადადების თანახმად, ევროკომისიამ უნდა გაიაროს კონსულტაცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და შეადგინოს რუსული სამგზავრო დოკუმენტების სია, კერძოდ იმ პასპორტების, რომლებიც არ უნდა იქნას მიღებული.
„თუმცა, უკრაინის კონფლიქტს გაქცეული პირები კვლავ შეძლებენ ჰუმანიტარული ნიშნით ევროკავშირში შესვლას“, – ნათქვამია რელიზში.
მას შემდეგ, რაც ევროკავშირის საბჭო გადაწყვეტილებას ოფიციალურად მიიღებს და ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება, ძალაში გამოქვეყნებიდან მეორე დღეს შევა.
„ევროკავშირი მზად არის გააკეთოს ყველაფერი, რათა გააგრძელოს ზეწოლა რუსეთზე სამართლებრივი და პოლიტიკური საშუალებებით, რათა დარწმუნდეს, რომ პუტინი გადაიხდის მაღალ ფასს ამ უკანონო ომისთვის და უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულებისთვის“, – განაცხადა კენჭისყრის შემდეგ ევროპარლამენტარმა ხუან ფერნანდო ლოპესმა, რომელიც სოციალ-დემოკრატების ჯგუფს წარმოადგენს.
მანამდე, 10 ნოემბერს, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობამ და ევროპარლამენტმა განაცხადეს, რომ არსებობს წინასწარი შეთანხმება, არ მიიღონ შენგენის ზონაში მოგზაურობისთვის საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემული სამოგზაურო დოკუმენტები.
კიდევ უფრო ადრე, 12 ოქტომბერს, ევროკავშირის ელჩებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ არ აღიარებენ რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში გაცემულ დოკუმენტებს.