საზოგადოება
ოპოზიციური „რვიანი“ თავს შეიკავებს „ქუჩის პოლიტიკისგან“

rvianaსაარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ოპოზიციური „რვიანის“ წევრები შეთანხმდნენ, თავი შეეკავებინათ „რვიანის“ გაფართოებისა და „ქუჩის პოლიტიკისგან“.

ამის შესახებ „ახლების“ წარმომადგენელმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა და იქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „რვიანი“ დაშლას არ აპირებს.

„რვიანმა“ მიიღო გადაწყვეტილება, თემატური ერთობის მიზნის მიღწევამდე – საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებამდე, არ დაიშალოს. ამასთან, შევთანხმდით, რომ ქუჩის პოლიტიკით სვლას არ ვაგრძელებთ და არც თემატურ გაფართოებას ვგეგმავთ. ანუ „რვიანი“ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის გაერთიანდა და სხვა თემების ირგვლივ გაფართოება არ იგეგმება. ამასთან, 8 პოლიტიკური პარტია, რომლებიც კონკრეტული იდეის ირგვლივ შეიკრიბნენ, რაოდენობრივად არ გაიზრდება“, – განაცხადა მან.

კაციტაძემ „რვიანში“ აზრთა სხვადასხვაობის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ეს სიახლეს არ წარმოადგენს“.

„აზრთა სხვადასხვაობაში არც ახალი და არც ცუდია რამე. სხვადასხვა აზრი არა მარტო „რვიანში“, არამედ ერთ პარტიაშიც არსებობს. ერთ აზრზე ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ ერთი პარტია – „ნაციონალური მოძრაობაა“, რომელიც ქვეყანას მართავს“, – განაცხადა მან.