საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ 22 ნოემბერს განაცხადა, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც არ მიიღო მონაწილეობა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელის (OECD/ACN) მმართველი ჯგუფის მიერ OECD/ACN-ის მეხუთე რაუნდის მონიტორინგის შეფასების ჩარჩოს დამტკიცების პროცესში.
არასამთავრობოების თქმით, თუკი 2022 წლის ბოლომდე საქართველოს მთავრობა არ მიუერთდება ქსელის ყველა ქვეყნის მიერ უკვე დამტკიცებულ შეფასების ჩარჩო-დოკუმენტს, „2023 წელს საქართველოში ვეღარ განხორციელდება OECD/ACN-ის ანტიკორუფციული გარემოს მეხუთე რაუნდის მონიტორინგი“.
უფლებადამცველების განმარტებით, OECD ეკონომიკურად და დემოკრატიულად განვითარებული 38 ქვეყნისგან შედგება და მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანას ეხმარება, მათ შორის, საქართველოს, ეკონომიკური და დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაში.
ამასთან, ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ OECD-ისთან თანამშრომლობა საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან „ქვეყნისთვის გამოყოფილი დახმარების უდიდესი ნაწილი სწორედ OECD-ის წევრ ქვეყნებზე მოდის“.
ამასთან, მათივე თქმით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კორუფციული გარემოს შეფასების პროცესს მხარს ევროკავშირი უჭერს და „ის შეიძლება გახდეს ერთ-ერთი კრიტერიუმი იმ ქვეყნების შეფასებისას, ვისაც აქვს ევროკავშირთან დაახლოების გაცხადებული მიზანი და განსაკუთრებით იმ ქვეყნებისთვის, ვისაც სურს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი“.
ამდენად, არასამათავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ „საქართველოს მთავრობის პასიურობა OECD/ACN-ის მონიტორინგის მე-5 რაუნდის პროცესში მონაწილეობაზე ზიანს აყენებს საქართველოს რეპუტაციას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქვეყანაში ანტიკორუფციული რეფორმების გატარების დღის წესრიგს“.
„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კონსტრუქციულად ითანამშრომლოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციულ ქსელთან და უზრუნველყოს 2023 წელს საქართველოში ანტიკორუფციული გარემოს მონიტორინგის მე-5 რაუნდის შეფასების განხორციელება“, – აცხადებენ ისინი.
ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ: “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” (IDFI); „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ (TIG); “მმართველობის მონიტორინგის ცენტრი” (GMC); “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” (საია).