პოლიტიკა
აშშ-ის ელჩის რჩევაა, არ მიიღონ კანონი ვენეციის კომისიის მიერ მოწონების გარეშე

 საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. 22 ნოემბერს USAID-ის ახალი პროგრამის – „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ – გახსნის ცერემონიაზე მედიასთან საუბრისას, აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მოწოდება პარლამენტის მიმართ, რომ „დოლიგარქიზაციის“ კანონპროექტი მიღებამდე მოსაზრებისთვის ვენეციის კომისიას გაუგზავნოს, „ძალიან კარგი რჩევაა“.

მისი თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლობის მხრიდან, რომელიც საქართველოსთან ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რჩევაა“, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უკრაინამ საკუთარი ვერსია ვენეციის კომისიიდან უკან სწორედ ახლახან გაიწვია. ასე რომ, „ამ ეტაპზე არანაირი მოთხოვნა ვენეციის კომისიისადმიდეოლიგარქიზაციისკანონპროექტთან დაკავშირებით არ არის არც უკრაინის, არც საქართველოს მხრიდან.

ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ განსაკუთრებით „მნიშვნელოვანი და ფასეულია“, რომ ვენეციის კომისიის სამართლის ექსპერტებმა კანონპროექტი მის მიღებამდე მიმოიხილონ.

როგორც უკვე აღვნიშნე, ეს არის კანონის ძალიან რთული და მნიშვნელოვანი სფერო, რომელიც ახალია,“ – აღნიშნა ელჩმა და დასძინა, რომ ევროპის სამართლის ექსპერტების დასკვნის მიღება ძალიან სასარგებლო ნაბიჯი იქნება საქართველოს მთავრობისა და პარლამენტისთვის „დეოლიგარქიზაციის“ კანონის მიღებამდე.

ევროკავშირის წარმომადგენლობამ 21 ნოემბერს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ „დეოლიგარქიზაციის“ კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით უკვე მიიღო, განსახილველად ვენეციის კომისიას გაუგზავნოს. საკანონმდებლო ცვლილებების ვენეციის კომისიისთვის გადაგზავნის გეგმაზე ქართულ ოცნებაში ჯერ არაფერი უთქვამთ.

პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით 16 ნოემბერს მიიღო.

ქართულმა ოცნებამ „დეოლიგარქიზციის“ შესახებ კანონპროექტში ევროკომისიის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციის საპასუხოდ შეიმუშავა. მისი წარდგენისას, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ ის უკრაინული კანონპროექტის ანალოგია, მცირედი განსხვავებით და პოტენციურ ოლიგარქთა რეესტრის შედგენაზე პასუხისმგებელი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ნაცვლად პარლამენტი იქნება.

საგულისხმოა, რომ ქართულ ოცნებაში არაერთხელ განმარტეს, რომ „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ კანონი მათი პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს არ შეეხება, მიუხედავად ოპონენტების მტკიცებისა, რომ ერთ-ერთი პირველი, რომელსაც საკნონმდებლო ინიციატივა უნდა შეეხოს, სწორედ ივანიშვილია.

უკრაინული კანონპროექტის გადმოკოპირება გააკრიტიკეს არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრშიც“ და ხაზი გაუსვეს, რომ ქვეყნებს შორის „კონტექსტუალური განსხვავებების გათვალისწინებით“, საქართველოს მიერ უკრაინის „ანტიოლიგარქიული“ კანონის ანალოგის მიღება „არ უნდა ჩაითვალოს გონივრულ ნაბიჯად“.