პოლიტიკა
კასპიის გაზი აზერბაიჯანიდან საქართველოში გათხევადდება, შემდეგ კი რუმინეთსა და უნგრეთში გაზიფიცირებული იქნება

 საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის კანცელარიაში 21 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავრობა საქართველოს გავლით ევროპისთვის კასპიის ზღვის გაზის მიწოდების პროექტზე მუშაობს.

მისივე თქმით, საქართველოს პროექტი აზერბაიჯანთან, რუმინეთთან და უნგრეთთან ერთად ჯერ კიდევ 2015 წელს ჰქონდა დაწყებული, რომლის მიხედვითაც, „მოხდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე თხევად მდგომარეობაში აირის გარდაქმნა და შემდგომ გაზიფიცირება რუმინეთში“.

„ეს პროექტი, სამწუხაროდ, შეჩერდა და შემდგომი განვითარება აღარ ჰქონდა“, – თქვა ეკონომიკის მინისტრმა და ხაზი გაუსვა, რომ „მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, როდესაც ევროპა განსაკუთრებით დაინტერესებულია გაზის მიწოდების ალტერნატიული წყაროებით, როდესაც ყველა საუბრობს ენერგომომარაგების დივერსიფიცირებაზე, ამ პროექტმა განსაკუთრებული აქტუალურობა მიმდინარე წელს შეიძინა“.

ლევან დავითაშვილმა ასევე განმარტა, რომ მთავრობამ პარტნიორებთან ერთად დაიწყო „მნიშვნელოვან ენერგო და ენერგოსატრანზიტო პროექტებზე მუშაობა“. ამ კონტექსტში, მან საქართველოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიზიტი გაიხსენა და თქვა, რომ მასთან აღნიშნული პროექტი განხილვის ერთ-ერთი საგანი იყო.

ეკონომიკის მინისტრმა ასევე განმარტა, რომ პროექტის გარშემო „დღესაც მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრა ჩვენს სამინისტროში“ და დასძინა, რომ „საქართველოს მხრიდან პროექტში ჩართული არის „გაზისა და ნავთობის კორპორაცია“, აზერბაიჯანის მხრიდან იქნება „სოკარი“, ასევე ჩვენი პარტნიორები – რუმინეთსა და უნგრეთში.

ლევან დავითაშვილმა აგრეთვე აღნიშნა, რომ პროექტის შესწავლა და საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის შეფასება. „იმის მიხედვით თუ როგორ მდგომარეობაშია არსებული ინფრასტრუქტურა, ანუ რა ტიპის გაუმჯობესება სჭირდება, დაზუსტდება უკვე ბიუჯეტიც და ვადები პროექტის განხორციელების“, – ხაზი გაუსვა ვიცე-პრემიერმა.

„ეს არ იქნება ერთ დღეში და ეს არ იქნება არც ერთ წელიწადში მოვახდინოთ განვითარება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა და დაამატა – „პირველ რიგში, ჩვენთვის საჭიროა, სრული სურათი…, შემდგომში, უკვე, [რომ] ჩამოყალიბდეს დეტალური სამოქმედო გეგმა… და ეტაპობრივად დავიწყოთ ამ გეგმის შესრულება, მათ შორის, მოხდეს ინვესტიციების მოზიდვა ამ მიმართულებით“.

საგულისხმოა, რომ საქართველოში ვიზიტისას, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან 15 ნოემბერს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს ევროპასთან დამაკავშირებელ პოტენციურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ, მან მიიღო ინფორმაცია, რომ საქართველო თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალის აშენებას გეგმავს, რომელსაც მისივე თქმით, ევროპაში გაზის შეტანისთვის დამატებითი სიმძლავრეების შექმნა შეუძლია.