აქტუალური
რაც უფრო მალე დაიშლება „ნაციონალური მოძრაობა“, მით უფრო მალე დამარცხდება „ქართული ოცნება“ არჩევნებში - ლევან გოგიჩაიშვილი

 საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. ყოფილი დეპუტატის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცოდვებმა მიიყვანა იმ პროცესამდე, რა პროცესებიც დღეს პარტიაში მიმდინარეობს.

როგორც გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რაც უფრო მალე დაიშლება „ნაციონალური მოძრაობა“, მით უფრო მალე მოხდება „ქართული ოცნების“ დამარცხება, არჩევნების გზით.

ნაციონალური მოძრაობა“ ცოდვებმა მიიყვანა აქამდე. იმდენი ცოდვა აქვთ, რომ დიდი ხანი გაჰყვებათ ამ პარტიის წარმომადგენლებს. პირდაპირი მნიშვნელობით, მძიმე ცოდვები აქვთ ჩადენილი. რაც უფრო სუსტი იქნება „ნაციონალური მოძრაობა“, მით უფრო ჯანმრთელი იქნება პროცესი. „ნაციონალური მოძრაობის“ არსებობაზე დგას „ქართული ოცნება“, შესაბამისად, რაც უფრო მალე დაიშლება „ნაციონალური მოძრაობა“, მით უფრო მალე მოხდება „ქართული ოცნების“ დამარცხება, არჩევნების გზით“,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

მან გადაცემაში ასევე შეაფასა პარლამენტში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინტერპელაციის წესით მოსმენა და აღნიშნა, რომ „ღარიბაშვილის გამოსვლა ამომრჩევლებს არ მოეწონათ, პროპაგანდის ნაწილს მოეწონა“.

ღარიბაშვილის საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას „ქართული ოცნება“ ისმენდა, რომ ისინი მოღალატეები არიან. მაგალითად, „ქართული ოცნება“ 10 წუთი უსმენდა, თუ როგორ ეძახდა გიორგი ვაშაძე მათ მოღალატეებს. ერთ დეპუტატსაც არ გასჩენია იმის განცდა, რომ თავისი სავარძლიდან ამდგარიყო და გაეჩუმებინა. როდესაც ასეთ დისტანციაზე გიორგი ვაშაძე უწყვეტ რეჟიმში მოღალატეს გეძახის და შენ ამას „ყლაპავ“, ე.ი. შენ ამას ეგუები. გამოდის, რომ რაღაცა ისეთს აკეთებ, რომ ეს ადამიანი მართალია. ეს გამოსვლა „ქართული ოცნებისთვის“ კატასტროფა იყო, იმიტომ, რომ მომავალში ეს სახელი მათ უკვე შეიძინეს“,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.