პოლიტიკა
რუსეთს სურს საქართველოს შთანთქმა, რათა უკრაინაში დამარცხების კომპენსაცია მოახდინოს! - პრეზიდენტი ზურაბიშვილი

 საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. BBC-ის გადაცემა Hard Talk-ის ჟურნალისტთან, ზეინაბ ბადავისთან ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე, რუსულ ოკუპაციასა და უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის ვერმიღებას ეხებოდა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „მე იმედი გამიცრუვდა, საქართველოს მოსახლეობას იმედი გაუცრუვდა, მაგრამ ამავე დროს ვფიქრობ, რომ ჩვენ მივხვდით და ისინიც მიხვდნენ, რომ უკრაინაში განსაკუთრებული სიტუაცია იყო, უკრაინამ მიგვიყვანა იქ, სადაც ახლა ვართ ევროპული პერსპექტივის თვალსაზრისით… და ნათელია, რომ ამას აქვს კავშირი უკრაინისა და მოლდოვის პოლიტიკურ სიტუაციასთან და სამხედრო სიტუაციასთან“.

მან ასევე აღიარა, რომ საქართველოს ბოლოდროინდელმა მდგომარეობამ ევროკავშირის რეკომენდაციებთან და შარლ მიშელის დოკუმენტთან მიმართებით „არ უზრუნველყო პირობები ამისთვის [სტატუსის მინიჭებისთვის]“.

მისივე თქმით, „გადამწყვეტია, რომ 2023 წელს საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, რაც არ გულისხმობს წევრობას. ჩვენ სხვა კრიტერიუმები, მეტი რამ გვექნება შესასრულებელი, მეტი რეფორმა განსახორციელებელი, მაგრამ სტრატეგიული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ევროკავშირმა თქვას, რომ საქართველო იმ [ასოცირებული] ტრიოს ნაწილია, რომელიც ჩვენ შევქმენით და არა რაიმე ცალკე აღებული, რომელიც მიმზიდველი იქნებოდა რუსული თამაშებისთვის“.

რაც შეეხება კითხვას, რომელიც საქართველოს სასამართლოს სისტემისა და სხვა სექტორების კრიტიკას ეხებოდა, ასევე იმას, თუ რამდენად „სერიოზულად“ უყურებს საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირში გაწევრიანებას, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ „ვფიქრობ, ისინი ამაზე მუშაობენ და ვფიქრობ, რომ ჩვენ სრულყოფილები არ ვართ“.

აღნიშნა რა, რომ დღეს ბევრი ქვეყანა ებრძვის „დემოკრატიულ მიღწევებს“, საქართველოს პრეზიდენტმა გაიმეორა, რომ „მე ვიტყოდი, რომ დღეს, ხვალ, ევროკავშირის გადაწყვეტილება უფრო სტრატეგიული უნდა იყოს, ვიდრე ფორმალურად კრიტერიუმებს ეფუძნებოდეს, არ ვამბობ, რომ დემოკრატიული რეფორმები გვერდზე უნდა გადავდოთ, რომ ისინი მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ ვფიქრობ, რომ მოცემულ მომენტში, უფრო მნიშვნელოვანია სტრატეგიული საკითხი და რისკები, რომ რუსეთს საქართველოს შესახებ არასწორი გზავნილი გავუგზავნოთ“.

კითხვაზე – „ნამდვილად სურს თუ არა“ ევროკავშირს საქართველოს მიღება იმ განცხადებების ფონზე, რომლებსაც ქართული ოცნება ან მასთან დაახლოებული პირები აკეთებენ, რომელთა თანახმადაც, ევროკავშირი მაინც არ მიანიჭებს საქართველოს კანდიდატის სტატუსს მისი ქმედებების მიუხედავად – ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ „ვფიქრობ, ცოტა უკეთ ვიცნობ ევროკავშირს და მიმაჩნია, რომ ისინი გულწრფელები არიან“.

ამ თვალსაზრისით, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „მანძილები შემცირებულია და ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შავი ზღვის მეორე მხარეს ჰყავდეს ქვეყანა, რომელიც დემოკრატიული და პროევროპულია და სწორედ აქ შეიქმნება ახალი სატრანზიტო მარშრუტები და დამყარდება ახალი კავშირები მომავალ ათწლეულში“.

კითხვაზე – უნდა თუ არა რუსეთს საქართველოს „შთანთქმა“-, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „რუსეთს ყოველთვის უნდოდა საქართველოს შთანთქმა“ და ამის მაგალითად რუსეთის იმპერია და საბჭოთა კავშირი, ასევე აფხაზეთის 1992-1993 წლების ომში რუსეთის ჩართულობა და 2008 წელს საქართველოში შემოჭრა დაასახელა.

თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ „არა მგონია [რომ რუსეთი საქართველოს დაიპყრობს] იმ წინააღმდეგობის გათვალისწინებით, რაც მან უკრაინაში იგემა და მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ საქართველოს უკრაინის მსგავსი არც არმია, არც ტერიტორიის სიღრმე, არც ადამიანური ან სამხედრო რესურსი გააჩნია“.

პრეზიდენტის თქმით, „რუსეთის დამცირების და იმ ფაქტის გამო, რომ ის ბევრი თვალსაზრისით ამ ომს აგებს, რაღაც მომენტში, შიდა მიზეზების გამო, მას, შესაძლოა, გაუჩნდეს ცდუნება, რომ ქულები საქართველოს წყალობით დაიწეროს, სადაც უფრო ადვილია ამის გაკეთება“.

„ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, მაგრამ ამავე დროს, ამან არავითარ შემთხვევაში არ უნდა განსაზღვროს ჩვენი ქმედებები და სიტყვები და ჩვენი ორიენტაცია ევროპისკენ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა. „ვერავინ შეუშლის რუსეთს ხელს, რომ სცადოს იმის გაკეთება, რაც მიაჩნია, რომ მის ინტერესებში შედის, მაგრამ არსებობს რაღაც, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ მათ არ ვუმსუბუქებთ ამის გაკეთებას“.

ამ კონტექსტში, პრეზიდენტს ჟურნალისტმა ჰკითხა – სწორი გზა აირჩია თუ არა საქართველომ, რომელიც ცდილობს, რომ არ გააღიზიანოს კრემლი და იმავდროულად გამოიყენოს შესაძლებლობა ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მისაღწევად და უკრაინის დასახმარებლად?

„ჩვენ ვერ შევუქმნით რუსეთს შთაბეჭდილებას, რომ ისეთი შეშინებულები ვართ, რომ რუსეთის ყველა პრეტენზიას დავემორჩილებით“, – უპასუხა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მნიშვნელოვანია ევროპელმა პარტნიორებმა განამტკიცონ „ჩვენი გზა ევროპისკენ და ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, დადებითი პასუხი უნდა მივიღოთ კანდიდატის სტატუსზე“.

პრეზიდენტის თქმით, საქართველო „ვერ დაუშვებს მეორე არას, რადგანაც ეს მცდარი გზავნილი იქნება რუსეთისთვის, რომ უცებ საქართველო ნაცრისფერი ზონა გახდა… ამიტომ, ვფიქრობ, რომ ძალიან მკაფიონი უნდა ვიყოთ. სიცხადე ჩვენი საუკეთესო დაცვაა“, – აღნიშნა მან.

კითხვაზე – ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი „სამუდამოდ“ დაიკარგა საქართველოსთვის თუ არა? – პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „შეგიძლიათ ჰკითხოთ ნებისმიერ ქართველს და ამ კითხვას დადებითად არცერთი ქართველი უპასუხებს“.

„ვფიქრობ, დღეს, როგორც არასდროს, შევდივართ გეოპოლიტიკის სხვა სამყაროში და ვფიქრობ, ამ ანკლავებსა და სეპარატისტულ რეგიონებში, დამოკიდებულება რუსეთის მიმართ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ძალიან შეიცვალა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მნიშვნელოვანი დაფინანსების, რუსული პასპორტების მქონე მოქალაქეების რაოდენობისა და ოკუპირებული რეგიონების ლიდერების მიერ გაკეთებული ანტიქართული განცხადებების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის გეგმების ფონზე, რომ ორივე რეგიონის დაფინანსება შეამციროს, ასევე იმ შეშფოთების ფონზე, რაც კურორტ ბიჭვინთის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებმა გამოიწვია, დამოკიდებულება რუსეთის მიმართ იცვლება.

„თუ საქართველო არის გზა კეთილდღეობისკენ, ევროპისკენ, დემოკრატიისკენ, ის უფრო მიმზიდველი გახდება და ვფიქრობ, რომ ხდება, აფხაზეთის ახალგაზრდა თაობისთვის“, – განმარტა მან.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ განსაკუთრებით აფხაზების ის ნაწილი, ვისაც სურს, რომ მათი მიწები მათსავე საკუთრებაში რჩებოდეს, შესაძლოა, არ ოცნებობდნენ საქართველოსთან გაერთიანებაზე, მაგრამ „ისინი ნამდვილად აღარ ოცნებობენ რუსეთთან მიერთებაზე“.

პრეზიდენტის განცხადებით, ამ მიმართულებით მუშაობისთვის საქართველომ უნდა აჩვენოს, რომ პროპაგანდა, თითქოს საქართველო, შესაძლოა, ამ რეგიონებში სამხედრო გზით დაბრუნდეს, არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციის ფონზე, არის „რუსული ტყუილი, რადგანაც, საქართველოს ერთი რამ სურს და ეს არის იმ მოქალაქეებთან გაერთიანება, რომლებიც ჩვენი მოქალაქეები არიან და არა მხოლოდ ტერიტორიების კვლავ გაერთიანება“.

უკრაინის შესახებ საქართველოს ხელისუფლების პოზიციასთან დაკავშირებით, მათ შორის, რუსეთისთვის დაწესებულ საერთაშორისო სანქციებზე არმიერთებისა და სანქციების „არაეფექტიანობის“ თაობაზე გაკეთებული განცხადებების ჭრილში დასმულ კითხვაზე, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა – „სწორედ ამ რიტორიკისგან განვსხვავდები, ვინაიდან ფაქტები სრულიად განსხვავებულია. საქართველო შეუერთდა საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს“.

აღნიშნა რა, რომ ქართული ბანკები სრულად ახორციელებენ სანქციებს და რომ საქართველოს ხელისუფლება უჭერდა მხარს უკრაინას ყველა საერთაშორისო რეზოლუციასა და ფორმატში, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „სწორედ ესაა, როდესაც ვამბობ, რომ ეს რიტორიკის საკითხია; მე არასდროს ვიტყოდი, რომ ჩვენ სანქციებს არ ვუერთდებით“.

კითხვაზე, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაუბრაზდა საქართველოს და ქვეყნიდან უკრაინის ელჩი გაიწვია, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ზელენსკი „ზოგჯერ ძალიან უბრაზდება სხვადასხვა ქვეყანას, არა მხოლოდ საქართველოს“.

თუმცა, მან ხაზი გაუსვა, რომ „ჩვენ ცალკე საკითხი გვაქვს უკრაინასთან, რაც გულისხმობს იმას, რომ გვყავს ქართველები, რომლებიც უკრაინის ელიტის სათავეში არიან და რომლებიც ქართულ პოლიტიკას უფრო თამაშობენ, ვიდრე უკრაინულს“.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ საქართველო „ვერასდროს“ გაწევრიანდება ნატოში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის პირობებში, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ „ჩვენ არ ვამბობთ „არასდროს’“, რადგანაც „ყველაფერი ისე სწრაფად იცვლება… ჩვენ ვემზადებით ნატოში გაწევრიანებისთვის, გვაქვს სწავლებები ნატოსთან, მათ შორის, მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო…“.

კითხვაზე – თუ რატომ არ გამოიყენა მან საკუთარი უფლებამოსილება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესაწყალებლად – პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ საქართველოს კანონმდებლობით, მას ამის არ აქვს „უფლებამოსილება ძალიან მარტივი მიზეზის გამო – განაჩენის გამოტანა არ დასრულებულა [მის წინააღმდეგ საქმეები], ჯერ კიდევ განიხილება და ასეთია კანონი საქართველოში, რომ შეწყალება მხოლოდ მას შემდეგაა შესაძლებელი, რაც ყველაფერი დასრულდება“.

კითხვაზე – შეიწყალებს თუ არა იგი სააკაშვილს მას შემდეგ, რაც განაჩენის გამოტანა დასრულდება – პრეზიდენტმა განმარტა, რომ „ეს სხვა საკითხია, მე საქართველოში დეტალურად განვმარტე, რატომ არ გავაკეთებ ამას, ვინაიდან ეს სერიოზული პოლარიზაციის ფაქტორია“.

ამ კუთხით, მან აღნიშნა, რომ „საქართველოში პრაქტიკულად ერთი ოჯახიც არ დარჩა, რომელმაც საკუთარ თავზე არ განიცადა, თუ რას ნიშნავს ასეთი ავტოკრატიული რეჟიმის არსებობა“. „არა მგონია, რომ უნდა გავხდე ინსტრუმენტი მეტი პოლარიზაციისთვის“, – დასძინა პრეზიდენტმა.

თუმცა, მან იქვე ხაზი გაუსვა, რომ არ სურს, რომ „ექსპრეზიდენტი ციხეში გარდაიცვალოს, ან რაიმე გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს“.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, იგი საჯაროდ მოუწოდებდა დამატებითი მკურნალობისთვის სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისკენ, მაგრამ „ეს ის გადაწყვეტილებაა, რომელიც სასამართლომ უნდა მიიღოს“.