პოლიტიკა
პრემიერი: სტატუსს მიიღებს საქართველო, იმიტომ რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და ვაკეთებთ

 საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. სტატუსს მიიღებს საქართველო, იმიტომ რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და ვაკეთებთ. რა თქმა უნდა ესაა პოლიტიკური გადაწყვეტილება და ჩვენ ამისთვის ყველა ნიადაგს ვქმნით, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენს პარტნიორებს ვაჩვენოთ სრული მზაობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ურთულესი დროა, მაგრამ არის შესაძლებლობა, რომ საქართველო ამ გამოწვევებით სავსე ეპოქიდან გამარჯვებული გამოვიდეს.

„დღეს არის ურთულესი დრო, მაგრამ ამავდროულად, არის შესაძლებლობა, რომ ამ გამოწვევებით აღსავსე დროში და ეპოქიდან გამოვიდეთ გამარჯვებულები. ჩვენი მთავარი ოცნება და საზრუნავი უნდა იყოს ქვეყნის გაერთიანება. მინდა მივმართო ოპოზიციას, ქვეყნის გაერთიანების გარეშე როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს მომავალი. 24 საათი ლაპარაკობთ სტატუსზე, გასაგებია, გავიგეთ, აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ სტატუსი არის მნიშვნელოვანი. ასევე მინდა შეგახსენოთ, ჩვენს თანამოქალაქეებს მინდა ვუთხრა, რომ კანდიდატის სტატუსი ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს მიღებული და მას შემდეგ ისინი წლებია ელოდებიან წევრობასაც და არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა მათ შემთხვევაში. ეს არის ერთი ეტაპი, ესაა პროცესი, ამის შემდეგ იწყება კიდევ სხვა პროცესი და ა.შ. წლები დასჭირდება იმას, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი. ამას სჭირდება მომზადება, ამას არ სჭირდება ფარისევლობა და ტყუილი, რომ გამოდიხართ და ატყუებთ ხალხს, რომ რაღაც სასწაული მოხდება და დაინგრევა მეორეს მხრივ, თუ არ მივიღებთ სტატუსს.

სტატუსს მიიღებს საქართველო, იმიტომ რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და ვაკეთებთ. რა თქმა უნდა ესაა პოლიტიკური გადაწყვეტილება და ჩვენ ამისთვის ყველა ნიადაგს ვქმნით, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენს პარტნიორებს ვაჩვენოთ სრული მზაობა. ასე რომ, ისევ და ისევ, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ დღეს ვფიქრობ სასარგებლოო იყო აქ გამართული საუბარი, დებატები სამწუხაროდ კონსტრუქციულ რეჟიმში ვერ შედგა. მე მინდა მადლობა გადავუხადო კონსტრუქციულ გამომსვლელებს ოპოზიციიდან, ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთს დავუმტკიცოთ რომ შეგვიძლია პოლარიზების დასრულებაც, შემცირებაც, ეს მხოლოდ ჩვენს ნებაზეა დამოკიდებული. ეს ნება გაცხადებულია ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, თანმხვედრი ნაბიჯი უნდა იყოს გადმოდგმული რადიკალური ოპოზიციის მხრიდან“, - აღნიშნა პრემიერმა.