საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. რაც არის კუბილიუსი ევროპაში, იგივეა შაჰინი ამერიკაში. შაჰინი 2012 წლამდე იყო „ნაცმოძრაობის“ მეგობარი და დღესაც აგრძელებს ამ მეგობრობას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ სენატორ ჯინ შაჰინის მიერ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებზე საუბრისას განაცხადა.
კითხვაზე, შაჰინის მიერ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები ხომ არ არის გამოწვეული „ქართული ოცნების" წარმოებული პოლიტიკით, კონკრეტულად კი აშშ-ის ელჩის მიმართ კრიტიკით და ბრალდებებით ზოგადად პარტნიორების მიმართ, ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ არ შეიძლება ამას დავუკავშიროთ სენატორის მიერ გაკეთებული „უსამართლო შეფასებები“.
„არა, ეს ღიმილის მომგვრელია, მე შეგახსენებთ, რომ სულ რაღაც ორი დღის წინ, გამოვიდა მთელი ოპოზიცია, რომელიც ჩვენ გვეუბნება, რომ თურმე არ შეიძლება კუბილიუსზე ან შაჰინზე რამე ცუდის თქმა, მთელი ეს ოპოზიცია დადგა მწყობრში და პირდაპირ რუსეთის აგენტი უძახეს ევროკომისარს, რომელიც უშუალოდ გაფართოებაზეა პასუხისმგებელი. ახლა იგივე ადამიანები ამბობენ, რომ კუბილიუსზე არაფერი არ უნდა თქვა. რა სისულელეა, როგორ შეიძლება ამას ვინმემ დაუკავშიროს რაღაც შეფასებები, მითუმეტეს აბსოლუტურად უსამართლო შეფასებები. მე ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ გვაქვს კონკრეტული კურსი, რომელიც უკავშირდება მათ შორის დასავლურ ინტეგრაციას, რომელიც უკავშირდება ასევე მშვიდობის შენარჩუნებას, თუ ვინმეს ეს არ მოსწონს, შეუძლია აკეთოს ნებისმიერი შეფასება, მაგრამ მე მგონი, ქართველი ხალხი აფასებს იმას, რომ ჩვენ თანაბრად ვუფრთხილდებით, როგორც დასავლურ ინტეგრაციის მიზანს, ასევე ჩვენს სუვერენიტეტს, ასევე მშვიდობის შენარჩუნების ინტერესს და სიმშვიდის შენარჩუნების ინტერესს ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ გადაცემაში შეაფასა სენატორ ჯინ შაჰინის მიერ გაკეთებული განცხადება საქართველოსთან არსებული სტრატეგიის გადახედვის შესახებ და ასევე ჯინ შაჰინის პოზიცია, რომ საქართველოსთვის დაფინანსების გამოყოფა „მის ქცევასთან უნდა იყოს დაკავშირებული“.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, შაჰინის გარდა მსგავსი განცხადება სტრატეგიის გადახედვასთან დაკავშირებით არავის გაუკეთებია, ამიტომ მის აზრს არავინ გაიზიარებს.
„ეს თქვა ერთმა სენატორმა, ეს იყო შაჰინი, რომელმაც ისაუბრა გადახედვაზე, სხვას არ უსაუბრია არავის გადახედვაზე, ერთადერთი იყო შაჰინი, რომელიც 2012 წლამდე „ნაცმოძრაობის“ მეგობარი იყო და დღემდე რჩება სამწუხაროდ, ეს არის რეალობა. რაც შეეხება დაფინანსების გადახედვას, ეს არ მოხდება, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ამ დაფინანსების უდიდესი ნაწილი მიდის NGO-ებზე და NGO-ს იმ თანხებს არავინ არ ჩამოაჭრის, ეს ძალიან კარგად იციან და სხვათა შორის შაჰინსაც აქვს ნათქვამი იგივე სხდომაზე. დაფინანსებაზე საუბარი ზედმეტია და შაჰინის მოწოდებას რაც შეეხება, რომ პარტნიორობას გადახედონ, ამასაც მე მგონია, რომ არავინ არ გაიზიარებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, ერთი ცენტიც რომ იყოს გამოყოფილი აშშ-ის მიერ საქართველოსთვის, ამაზეც მადლობელი იქნებოდნენ.
„ერთი ცენტიც რომ იყოს, რა თქმა უნდა, მადლობას ვიტყოდით და მადლობას ვამბობთ, მაგრამ რაც შეეხება კონკრეტულ განცხადებას, მე კომენტარი გავაკეთე შაჰინის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ წელს ან გაისად შეიძლება ფული აღარ მოგვცენ. რა თანხებსაც იძლევიან, იმის უდიდესი ნაწილი მიდის NGO-ებზე და მათ ფულს არავინ არ დააკლებს, აქედან გამომდინარე თვითონვე აღიარა შემდეგ შაჰინმა, რომ დაფინანსების დათქმის ქვეშ დაყენება არის არასწორი. კომენტარს ვაკეთებ შაჰინის კონკრეტულ განცხადებაზე, დაფინანსება, რაც იქნება წელს, გაისად, იმის იქით გამოყოფილი, ამის უდიდესი ნაწილი წავა NGO-ებზე. ჰაერზე იყო ნათქვამი, რაც თქვა შაჰინმა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისათვის, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სენატორმა ჯინ შაჰინმა დასვა საკითხი იმის თაობაზე, რომ საქართველოსთვის დაფინანსების გამოყოფა „მის ქცევასთან იყოს დაკავშირებული“.
„საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსი იყო ძირითადი ვალდებულება, რის შესრულებასაც გეგმავდა, მაგრამ მათ აშკარად უღალატეს საკუთარ სიტყვას ამ ვალდებულებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ჯინ შაჰინმა.