პოლიტიკა
საქართველოსა და სომხეთის პარლამენტების კომიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

 საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტში, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, დღეს ხელი მოეწერა საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტსა და სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობის და სპორტის კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს.

საქართველოს პარლამენტის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ელისო ბოლქვაძემ, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის მხრიდან კი მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობის და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ სისაკ გაბრიელიანმა.

ელისო ბოლქვაძის შეფასებით, ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს კომიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება კიდევ უფრო ახალ დონეზე აიყვანს ორ კომიტეტს შორის საპარლამენტო თანამშრომლობას, ხელს შეუწყობს კულტურული კავშირების გაღრმავებას, რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებას და სამშვიდობო პროცესების გააქტიურებას.

კომიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის გაფორმებაც პირველად მოხდა, იქნება ახალი ეტაპის დასაწყისი ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების ურთიერთობაში და იგი ბიძგს მისცემს საპარლამენტო კავშირების გაძლიერებას. დასახული გვაქვს საინტერესო, კონკრეტული გეგმები, რომლებსაც ერთობლივად განვახორციელებთ. მათ შორისაა, კომიტეტების ერთობლივი სხდომების ჩატარება როგორც საქართველოში, ასევე სომხეთში, კულტურის დღეების მოწყობა, სხვა აქტივობები, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორი ქვეყნის ხალხებს შორის კულტურის სფეროში კავშირების გააქტიურებას. მნიშვნელოვანია, რომ კულტურულ ურთიერთობებს განსაკუთრებული როლი აკისრია სამშვიდობო პროცესებში და ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ რეგიონში მშვიდობის დამყარების ხელშეწყობისათვის“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ.

საქართველოსა და სომხეთის პარლამენტების კომიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი ესწრებოდნენ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.