საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. ევროპის საბჭომ საქართველოში კონფლიქტის შესახებ 26-ე კონსოლიდირებული ანგარიში გამოსცა, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში 2022 წლის აპრილიდან 2022 წლის ოქტომბრამდე პერიოდში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობას მიმოიხილავს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ საანგარიშო პერიოდში, საქართველოს ხელისუფლება კვლავ გამოთქვამდა წუხილებს ე.წ. გამყოფ ხაზზე მიმდინარე „ბორდერიზაციის“ თაობაზე, მათ შორის, უკანონო დაკავებებსა და მოუგვარებელ საქმეებზე, რაც „ხელს უწყობს ადგილზე სიტუაციის ესკალაციას და გადაადგილების თავისუფლების შეფერხებასა და დარღვევას წარმოადგენს“.
ამ კონტექსტში, ანგარიშში ნათქვამია, რომ ადგილზე ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა დაცვის სიტუაციაზე გავლენას ახდენს თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, დოკუმენტებთან დაკავშირებული საკითხები და ძირითად მომსახურებაზე წვდომის შეფერხება. აღნიშნავს რა, რომ საანგარიშო პერიოდში გამშვები პუნქტები გაიხსნა, დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ პუნქტების გახსნაზე დოკუმენტებთან დაკავშირებული ბარიერები ახდენს გავლენას.
ანგარიშის თანახმად, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის, დავით ბაშარულის, ირაკლი კვარაცხელიას და ინალ ჯაბიევის გარდაცვალების გამოძიებაში პროგრესი არ ჩანს. ასევე არ არის პროგრესი ოკუპირებულ რეგიონებში დევნილთა დაბრუნების თვალსაზრისით.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ აფხაზეთში ჰუმანიტარულ ძალისხმევას ეწეოდნენ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი, გაეროს განვითარების პროგრამა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, მათ შორის, ფინანსური დახმარებისა და საკვების უზრუნველყოფის გზით.
დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში კვლავ გაგრძელდა „ბორდერიზაციის“ პროცესი აფხაზეთის გამყოფი ხაზის გასწვრივ, მათ შორის, „ღობეების აღმართვა, ახალი სათვალთვალო აღჭურვილობის დამონტაჟება და გაძლიერებული მონიტორინგი გამშვები პუნქტების გარშემო“.
ანგარიშში ნათქვამია, რომ 2022 წლის მარტი-სექტემბრის პერიოდში, 5 ადამიანი დააკავეს. ამ კონტექსტში, ანგარიში ყურადღებას ამახვილებს ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ასევე 2022 წლის ივლისში ჯაშუშობის ბრალდებით ქრისტინე თაკალანძის უკანონო დაკავებაზე.
დოკუმენტის თანახმად, გალის მოსახლეობისთვის ე.წ. „ბინადრობის ნებართვების“ საჭიროება კვლავ ახდენს გავლენას იმ ადამიანების გადაადგილების თავისუფლებაზე, რომლებიც ცდილობენ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას.
რაც შეეხება განათლებას, ანგარიშში ნათქვამია, რომ გალის რაიონის სკოლებში კვირაში ერთი საათი ეთმობა ქართულ ენასა და ლიტერატურას, ხოლო სხვა საგნები ძირითადად რუსულ ენაზე ისწავლება. დოკუმენტი ასევე ამბობს, რომ ქართულ ენაზე განათლების მიღება აკრძალულია რაიონის როგორც სკოლებში, ასევე საბავშვო ბაღებში.
დოკუმენტის თანახმად, გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები საანგარიშო პერიოდში შეჩერებული იყო.
დოკუმენტი ყურადღებას ამახვილებს ორმაგი მოქალაქეობის შესახებ რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის მიერ სექტემბერში ხელმოწერილ შეთანხმებაზე, რომელიც საშუალებას აძლებს აფხაზებს, რომ რუსული მოქალაქეობა აფხაზურ პასპორტზე უარის თქმის გარეშე მიიღონ.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ თბილისმა შეშფოთება გამოთქვა მიმდინარე „ბორდერიზაციის“ თაობაზე. საქართველოს მთავრობის მონაცემებზე დაყრდნობით, ანგარიშში ნათქვამია, რომ 2022 წლის იანვარი-სექტემბერში 51 ასეთი ქმედება დაფიქსირდა, მათ შორის, საგუშაგო პოსტების, ღობეებისა და სასაზღვრო ნიშნების აღმართვა.
ასევე საქართველოს მთავრობის მონაცემებზე დაყრდნობით, დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა თვითნებურად დააკავეს საქართველოს 29 მოქალაქე.
დოკუმენტის მიხედვით, ჩორჩანა-წნელისის მიდამოებში სიტუაცია კვლავ მოუგვარებელია, რაც ხელს უწყობს დაძაბულობას.
დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ რეგიონში ჰუმანიტარული სიტუაციის კუთხით „რაიმე პოზიტიური ტენდენცია“ არ შეინიშნება, განსაკუთრებით ეს ეხება ახალგორის რაიონს, სადაც „მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაა“. ანგარიშის მიხედვით, გამშვები პუნქტების დახურვა უარყოფითად აისახება ცხინვალის რეგიონის საქონლით და საკვებით მომარაგებაზე, ასევე მცხოვრებთა წვდომაზე თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში.
ანგარიშში აგრეთვე ნათქვამია, რომ ერგნეთში გამართული IPRM-ის სამი შეხვედრის დროს, თანაფასილიტატორები მიესალმნენ დაკავებულთა გათავისუფლებას და მიმდინარე და მომავალი დაკავების საქმეების მიმართ ჰუმანიტარული მიდგომის გამოჩენისკენ მოუწოდეს. ისინი ასევე მიესალმნენ ლომისობის დღესასწაულზე დროებით და აგვისტოს ბოლოს გამშვები პუნქტების რეგულარულ გახსნას.
ევროპის საბჭოს დოკუმენტში ასევე ნახსენებია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მიერ 2022 წლის 10 მარტს გამოცემული ორდერი დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამი ყოფილი მაღალჩინოსნის დაპატიმრების თაობაზე.