იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში წელს 13 432 წყვილის ქორწინება დარეგისტრირდა. საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ყველაზე მეტი წყვილი 2 655 იანვარში დაქორწინდა.
ცნობისთვის, ბოლო ექვსი წლის მონაცემებით, საქართველოში ქორწინების მსურველთა რიცხვი სტაბილურად იზრდება. 2005 წელს 18 141 წყვილის ქორწინება დარეგისტრირდა, 2006 წელს – 21 876, 2007 წელს – 25 925, 2008 წელს – 31 310, 2009 წელს – 31 319, ხოლო გასულ წელს 31 464-მა წყვილმა მოაწერა ხელი.საქართველოში დღეს ექვსი ქორწინების სახლი მუშაობს, სადაც ხელმოწერა შესაძლებელია როგორც საქორწინო ცერემონიალის თანხლებით, ისე საზეიმო რიტუალის გარეშე. რაც შეეხება ასაკობრივ ჯგუფებს, საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს ინფორმაციით, საქართველოში ყველაზე ხშირად 20-25 წლამდე ქალბატონები იმავე ასაკობრივი ჯგუფის მამაკაცებზე ქორწინდებიან, თითქმის იმავე ინტენსივობით 20-დან 25 წლამდე ქალბატონები მეუღლედ 25-დან 30 წლამდე მამაკაცს ირჩევენ და ხშირად 25-დან 30 წლამდე ქალბატონები იმავე ასაკის მამაკაცებზე ქორწინდებიან.
აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში გამარტივებულია უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ქორწინების რეგისტრაციის პროცედურები. უცხოელთა შორის პოპულარობით სარგებლობს თბილისის №1 ქორწინების სახლი – „კონკა“ და სიღნაღის – ე.წ. სიყვარულის ქალაქის, ქორწინების სახლი.
„სიყვარულის ქალაქში“ ქორწინების სახლი 2007 წელს გაიხსნა. აქ ქორწინების რეგისტრაციის მსურველთა რაოდენობა თანდათან იზრდება. მიზეზი კი აღნიშნული სამსახურის მუშაობის 24-საათიანი რეჟიმზე გადასვლაა.
ქალაქ სიღნაღის ქორწინების სახლში 152 წყვილმა შუაღამისას – 00.00 საათის შემდეგ იქორწინა. ერთ-ერთი წყვილის ქორწინება 06.00 საათზე დარეგისტრირდა.