საქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი. გერმანული გამოცემა Südwestrundfunk-ის (SWR) ჟურნალისტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის მხარდამჭერი შეხედულებების გამო ცოტა ხნის წინ გერმანიამ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან სამხედრო მოსამსახურე გაიწვია.
გამოძიების თანახმად, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციების ცენტრმა (ZIF), სადაც მისიის გერმანული პერსონალი მსახურობს, ვერ გამოავლინა ის შეხედულებები, რომლებიც სამხედრო მოსამსახურეს, სერგეი ე.-ს ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ მან სავალდებულო შემოწმების ეტაპი გაიარა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ZIF-მა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პირველად ამ ადამიანის შეხედულებების შესახებ 2022 წლის ოქტომბერში შეიტყვეს – ქვეყანაში მისი ჩასვლიდან რამდენიმე კვირაში – რის შემდეგაც, მისი საქართველოში მსახურების შესაწყვეტად საჭირო ნაბიჯები გადადგეს.
წუხილები პირველად მას შემდეგ გაჟღერდა, რაც გაირკვა, რომ მის შესახებ „არასრული და წინააღმდეგობრივი“ ინფორმაცია არსებობს, მათ შორის, მისი პოსტები Facebook-სა და რუსულ სოციალურ ქსელში „ვკონტაქტე“, ასევე სხვა პლატფორმებზე, სადაც, უკრაინის ომისა და სხვა წინა კონფლიქტების კონტექსტში, მას არაერთხელ დაუკავებია რუსეთის მხარე.
უნდა აღინიშნოს, რომ სამხედრო მოსამსახურე ულტრამემარჯვენე და პრორუსული პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრია.
გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა Twitter-ზე დაწერა, რომ „უფრო ყურადღებით უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იგზავნება გერმანიიდან ევროკავშირის საერთაშორისო მისიებში. უსაფრთხოების კრიტერიუმები დაუყონებლივ უნდა გადაიხედოს“.
„შეუძლებელია, რომ გერმანიიდან სენსიტიურ მისიებში იგზავნებოდეს ადამიანი, რომელი, შესაძლოა, მტრულ სამსახურშიც მუშაობდეს“, – ხაზი გაუსვა მან.
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ „სამოქალაქო საქართველოს“ ინფორმაცია დაუდასტურა, თუმცა მისიაში დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებიათ.