საქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი. სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში 15 ნოემბერს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, საპარლამენტო ფრაქციებისა და ჯგუფების წარმომადგენლებს, ასევე დამოუკიდებელ დეპუტატებს გაფართოებულ ფორმატში შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებასა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციის შესრულებაზე იმსჯელეს.
ამავე ინფორმაციით, ევროკომისარმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ „საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, გახდეს ევროკავშირის გრძელვადიანი პარტნიორი მრავალი მიმართულებით, მათ შორის, ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით“.
„ევროკომისარმა გამოხატა საქართველოს შემდგომი მხარდაჭერის მზაობა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და აღნიშნა, რომ რეკომენდაციების შესრულების შემდეგ ის აქტიურად იმუშავებს წევრ ქვეყნებთან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე“, – ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ რელიზში.
„ეს არის მნიშვნელოვანი ვიზიტი მნიშვნელოვან დროს“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და დასძინა, რომ ევროკომისრის მთავარი გზავნილია, რომ „დღეს არ არის წუწუნის და კინკლაობის დრო“.
„დღეს მნიშვნელოვანია კონცენტრირდეს ყველა საერთო ეროვნულ ამოცანაზე, რასაც ჰქვია 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხზე მუშაობა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ მან ოლივერ ვარჰეის რეკომენდაციების შესრულებით კუთხით არსებულ მდგომარეობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
თავის მხრივ, შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროკომისარმა ვარჰეიმ Twitter-ზე დაწერა, რომ შეხვედრაზე 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესზე იმსჯელეს.
„იმედისმომცემი დისკუსია იყო, იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტი ბეჯითად მუშაობს პრიორიტეტების განხორციელებაზე“, – თქვა მან და დასძინა, რომ „საქართველოს პარლამენტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს“.
ვროკომისართან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, აკაკი მინაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ მათ სასამართლო სისტემაზე, ანტიკორუფციულ საკითხებსა და დეოლოგარქიზაციაზე, ასევე „იმ აგდებულ დამოკიდებულებაზე“ იმსჯელეს, რაც საქართველოს ხელისუფლებას აქვს, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოების მისამართით.
დეპუტატის თქმით, მან ევროკომისართან ქვეყანაში პოლიტიკური დევნილების, ასევე პატიმრობაში მყოფი საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანისა და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ასევე პატიმრობაში მყოფი დირექტორის, გათავისუფლების საკითხები წამოჭრა.
„ბრიუსელის გზავნილი, ისევე როგორც კომისრის განცხადება იმის შესახებ, რომ ერთობლივად უნდა მოხდეს 12 პუნქტის შესრულება, პრაქტიკაში ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ფართო კონსენსუსი“, – განაცხადა ლელოს დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა.
რესპუბლიკური პარტიის დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, რომ ევროკომისართან იმ სირთულეებზე იმსჯელეს, რომლებსაც ქართული ოცნება ევროკავშირისკენ გზაზე ქმნის. „ეს არის პირდაპირ დაკავშირებული ქართული ოცნების მხრიდან ძალიან ზედაპირულად შესრულებაში რეკომენდაციების“. ამ კონტექსტში, მან „ოცნების“ მიერ ინიცირებული ისეთი კანონპროექტები დაასახელა, რომლებიც „საერთოდ არ პასუხობენ“ რეკომენდაციებს“ და მაგალითებად „დეოლიგარქიზაციისა“ და „ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები მოიხმო.