სამართალი
კობა ნაყოფია: რა დროს „ნაცმოძრაობაში“ არჩევნებია, როცა ბევრად მნიშვნელოვანი თემები არსებობს ქვეყანაში

 საქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კობა ნაყოფია აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებას არ აპირებს.

მისივე თქმით, სამწუხარო იყო არჩევნების საკითხებზე კოლეგების მხრიდან ბრიფინგის ჩატარება ცალკე, ისე, რომ ინფორმირებული არ ყოფილა თავად, როგორც პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და არც პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია. კობა ნაყოფიას განმარტებით, არჩევნების, ახალი სამოქმედო გეგმის საკითხი პარტიაში დიდი ხანია, განიხილება და შესაძლებელი იყო შიდა მსჯელობა.

რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას, ვერ იხილავთ, ეს პირველი. ახლა ვიყავი მიხეილ სააკაშვილის სანახავად. როდესაც ასეთ მდგომარეობაში არის ადამიანი, როცა ძალიან მნიშვნელოვანი და უპირველესი ამოცანა არის მიხეილ სააკაშვილის აქედან დროულად გაყვანა, და აქ არის სიცოცხლის გადარჩენის, ზოგადად, გადარჩენის საკითხი, თან იმ დღეს, როდესაც განიხილებოდა მიხეილ სააკაშვილის საკითხი, რომ თუ ვინიცობაა, როგორ მოიქცეოდა ხელისუფლება ან სასამართლო ამ დასკვნების შემდეგ, რა სამოქმედო გეგმით უნდა წარმდგარიყო „ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოების წინაშე, ზოგადად რა გზით წავიდოდით, ამ თათბირის ნაცვლად, სამწუხაროდ და ჩემდა გასაკვირად ვიხილეთ რაღაც ცალკე ბრიფინგი, რომლის შესახებაც არც მე, როგორც პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, არაფერი ვიცოდი, ისევე როგორც არაფერი იცოდა პარტიის თავმჯდომარემ, პრესსამსახურმა. არ ვიცი, რას ემსახურება, მაგრამ მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ არ იყო დროული, მეტიც, არჩევნების, ახალი სამოქმედო გეგმის საკითხი დიდი ხანია, განიხილება პარტიაში, ჩემი აზრით, შესაძლებელი იყო ამის შიგნით განხილვა და არა იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს სამწუხაროდ, ჩემმა კოლეგებმა გააკეთეს“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.

კობა ნაყოფია არ ფიქრობს, რომ ნიკა მელიამ თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარი თავი ამოწურა. ნაყოფიას თქმით, მელიას მხარს უჭერს.

არ მიმაჩნია, რომ ნიკა მელიამ ამოწურა საკუთარი თავი თავმჯდომარის პოსტზე. პარტია გადაწყვეტს, არჩევნები რა ფორმით და რა ფორმატით უნდა ჩატარდეს. ალბათ ეს უნდა იყოს ჩვენი მომხრეების მაღალი ჩართულობით. საზოგადოება ალბათ მომავალში გაიგებს ყველაფერს. ჩემი პოზიცია თუ გაინტერესებთ, დიახ, მელიას ვუჭერ მხარს. პარტიას აქვს წესდება, როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები და როგორც წესი და რიგია, ისე ჩატარდება. თუ როდის – ამას გადაწყვეტს პარტია. კონკრეტულ თარიღს ვერ დაგისახელებთ, რადგან არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ მიმდინარეობს მზადება. როგორც ჩემი კოლეგებისგან მესმის, პოლიტსაბჭოსთან არ აქვთ მათ პრეტენზიები, ისინი თავმჯდომარის გადადგომას ითხოვენ, ცოტა სხვა მოვლენასთან გვაქვს საქმე. დაველოდოთ მოვლენებს. ყველაფერს თავისი დრო აქვს და ალბათ ყველა ყველაფერს გაიგებს. მე ბევრ ოფიციალურ ვერსიას ვისმენ და საქმე სხვა რამეშია. ჩემი აზრით, გასარკვევია და დროთა განმავლობაში საზოგადოება ალბათ ბევრ რამეს გაიგებს, სხვადასხვა ტიპის ვერსიასაც მოისმენს. დაველოდოთ მოვლენებს, ნუ ავჩქარდებით. ახლა არის ყველაზე მნიშვნელოვანი კონსოლიდაცია, ამ პროცესებმა ხელი არ უნდა შეუშალოს „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით ძალების კონსოლიდაციას, რათა მთავარი ამოცანა, რაც ჩვენ დღეს გვაქვს, არის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება, ნიკა გვარამია ციხეში გვყავს და ის გასათავისუფლებელია, ზოგადად, ქვეყანაში რეჟიმი არის შესაცვლელი, რა დროს „ნაცმოძრაობაში“ არჩევნები და ეს თემაა, როცა ბევრად მნიშვნელოვანი თემა არსებობს ჩვენს ქვეყანაში. ქვეყანას ვკარგავთ, სჯობს, ამაზე ვიფიქროთ და ვკონსოლიდირდეთ. სჯობს, იმაზე ვიფიქროთ, როგორ შევცვალოთ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება, არა იმაზე, ვინ გახდება „ნაციონალური მოძრაობის“ ან პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე. სამწუხაროდ, ჩვენმა კოლეგებმა იჩქარეს. ჩემი აზრით, მათ ჰქონდათ და დღესაც აქვთ ყველანაირი შესაძლებლობა, რომ ძალები იყოს კონსოლიდირებული და მიმართული ქვეყნისთვის ბევრად მნიშვნელოვანი სხვა საქმისკენ“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.

კობა ნაყოფიას ინფორმაციით, ნიკა მელიას გარდა, ორი კანდიდატი დარეგისტრირდა.

კიდევ იქნებიან ალბათ კანდიდატები. არ ვიცი, უფრო მეტსაც გეტყვით, არ მაინტერესებს, ჩემთვის უფრო სხვა საკითხებია პრიორიტეტული. პარტიას ჰყავს თავმჯდომარე, პარტია ფუნქციონირებს, მუშაობს და გააგრძელებს მუშაობას. ვიმედოვნებ, ეს პროცესი ფორმალურად ჩაივლის და ყველა, კანდიდატები არიან, თუ სხვა, ისევ კონსოლიდირებულად, ერთიანად იფიქრებენ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარებისა და ამ რეჟიმის შეცვლაზე. ეს არის ბევრად მნიშვნელოვანი, ვიდრე ის, რასაც ზოგიერთი ცდილობს, გააკეთოს. ჩემზე არ აქვს კეზერაშვილს გავლენა“, – აღნიშნა კობა ნაყოფიამ.

ამავდროულად, კობა ნაყოფია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს პარტიაში მიმდინარე მოვლენები არ მოსწონს, თუმცა ამ პროცესებში არ ერევა.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მასთან ამ თემებზე სიღრმისეულად გვესაუბრა. იცის ამასთან დაკავშირებით და აქვს ძალიან მკაფიო პოზიცია. ის არ ერევა ამ პროცესებში, ეს დანამდვილებით შემიძლია, გითხრათ. რა თქმა უნდა, არ მოსწონს პარტიაში მიმდინარე მოვლენები და მიაჩნია, რომ ამის დრო არაა. კიდევ ერთხელ გეუბნებით, არ ერევა“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.