სამართალი
ბიჭვინთის საკითხის განსახილველად აფხაზი დეპუტატები მოსკოვში გაემგზავრნენ

 საქართველო, 11 ნოემბერი, საქინფორმი. აფხაზეთში ოპოზიციური საზოგადოებრივი ორგანიზაცია “აიდგილარას” ცნობით, აფხაზი დეპუტატები მოსკოვში გაემგზავრნენ, სადაც 10 ნოემბერს რუსეთის სახელმწიფო დუმაში დანიშნულია რუსულ მხარესთან ბიჭვინთის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ საკითხის განხილვა.

იქამდე ინალ არძინბამ, დე ფაქტო საგარეო მინისტრმა განაცხადა, რომ მხარეებს შორის შეთანხმებაში, რომლის რატიფიცირებაც იგეგმება აფხაზეთის პარლამენტში, შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს. რა ტიპის ცვლილებებზეა საუბარი, უცნობია.

შეთანხმების არსებული სახით რატიფიცირების წინააღმდეგი არიან აფხაზეთში ოპოზიციური ძალები და ორგანიზაციები.

ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის შესახებ შეთანხმების პროექტით, 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. ყველა შენობა-ნაგებობა ფედერალური დაცვის სამსახურის საკუთრება ხდება, ხოლო შავი ზღვის აკვატორია მიმდებარე მიწებით რუსეთს 49- წლიანი იჯარით გადაეცემა. ეს იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთის მოსახლეობის ერთი თაობა ბიჭვინთაში სწორედ რუსეთის ტერიტორიაზე იცხოვრებს. სწორედ ამიტომ, აფხაზეთის საზოგადოების ნაწილი, ოპოზიციურად განწყობილი და ნაკლებად პოლიტიზებული მოსახლეობაც კი, აღნიშნული შეთანხმების წინააღმდეგია. ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადასაცემად აფხაზეთის პარლამენტის მიერ შეთახმების შესახებ კანონის რატიფიცირებაა საჭირო.