საქართველო, 11 ნოემბერი, საქინფორმი. სამწუხაროა, როცა ხედავ ევროპელ პოლიტიკოსებს, რომლებიც რუსული პროპაგანდისტული მეთოდებით მუშაობენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მოსახლეობამ პრინციპში, პირდაპირ ეთერში იხილა, რაც მოხდა – მომხსენებლის მიერ იყო რეზოლუციის პროექტი, რომელიც იყო დაბალანსებული და იმ ადამიანის მიერ შედგენილი, ვინც ამ საკითხებით იყო დაკავებული და ყველამ ნახა, როგორ მოხდა ამ რეზოლუციაზე თავდასხმა, შესწორებების ინიცირება და ა.შ.
„როგორც აღინიშნა, შემდეგ საჭირო გახდა კომპრომისები, რათა გარკვეული ტექსტი საბოლოო ჯამში შედგენილიყო. სამწუხაროდ, ეს არის არაჯანსაღი კომპრომისი, რაც ჩვენ ვიხილეთ პროექტის იმ საბოლოო ვერსიაში, რომელიც კომიტეტზე იქნა დამტკიცებული. ამ ტექსტს და იმ ნაწილებს თუ ჩავხედავთ, რაც საბოლოო ჯამში შესწორების სახით აღმოჩნდა ტექსტში, ეს არის ჯორჯ ორუელისეული ტიპური „ნიუსპიკი“, როცა ჩვენ გვთავაზობენ, რომ მეცენატს ვუწოდოთ ოლიგარქი, ქართული ჯარის გაქურდვისთვის გაოლიგარქებულ ადამიანს ვუწოდოთ მედიამენეჯერი, ქართველი ხალხის ჩაგვრის სისტემის შემქმნელ სააკაშვილს ვუწუდოთ დემოკრატიის შუქურა და ა.შ. ანუ, „ნიუსპიკი“ არის ამოტრიალებული რეალობა და სიყალბე, რომლის აღიარებასაც გვთავაზობენ. ჩვენ არ ვაპირებთ ასეთი სიყალბეების აღიარებას. ასეთი ამობრუნებული რეალობის შემქმნელი მხოლოდ ერთი სახელმწიფო მახსენდება და ეს არის რუსეთი. სამწუხაროა, როცა ხედავ ევროპელ პოლიტიკოსებს, რომლებიც რუსული პროპაგანდისტული მეთოდებით მუშაობენ. ჩვენი დამოკიდებულება არის ძალიან მარტივი და პირდაპირი – თეთრი ვერ გახდება შავი, შავი ვერ იქცევა თეთრად მიუხედავად იმისა, თუ ვის რა აღქმნების შექმნა სურს. ამიტომ, სიმართლე ყოველთვის სიმართლედ დარჩება, ტყუილი ყოველთვის ტყუილი იქნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.