საქართველო, 11 ნოემბერი, საქინფორმი. ევროკავშირმა უნდა გაითვალისწინოს კიბერუსაფრთხოების გამოწვევები, რომლებიც წარმოიშვა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ და შექმნას კიბერ თავდაცვის საკოორდინაციო ცენტრი. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ევროკავშირის სამხედრო მობილობისა და კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას ეხებოდა.
„კიბერგარემო ახალი სტრატეგიული სივრცეა. ეს არის გეო-სტრატეგიული კონკურენციის ადგილი, რომელიც ბრძოლის ველად იქცევა და საზღვრებს არ ცნობს. კიბერ ომი და კიბერშეტევები ხდება თანამედროვე ომის განუყოფელი ნაწილი... რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ თან ახლდა განმეორებითი კიბერშეტევები არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ჩვენი და ჩვენი პარტნიორების წინააღმდეგ. სამხედრო შეჭრის დაწყებამდეც კი, რუსეთმა განახორციელა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა, უშუალოდ კიევის დაბომბვით“, - განაცხადა ბორელმა.
მან აღნიშნა, რომ სამხედრო მობილობისა და კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესების სამოქმედო გეგმების შემუშავებისას, ევროკომისია ეყრდნობოდა ევროკავშირის სტრატეგიული კომპასის დებულებებს და ფორმულირებებს, რომელიც პირდაპირ ითვალისწინებს კიბერ საფრთხეების პრევენციისა და წინააღმდეგობის შესაძლებლობების განვითარებას.
„სწორედ ამიტომ ჩვენი შეთავაზებაა ახალი კიბერთავდაცვის საკოორდინაციო ცენტრის შექმნა, რომელიც იმოქმედებს, როგორც ცენტრალური ჰაბი კიბერთავდაცვასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვების, ანალიზისა და გავრცელების მიზნით… ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა შევქმნათ ევროკავშირის კიბერ თავდაცვის უფრო ძლიერი სისტემა უსაფრთხოებისთვის. ჩვენი თავდაცვის ქსელები, ინვესტირებას უკეთებენ კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობებს და შეძლებენ ამ გამოწვევების დაძლევას ჩვენს პარტნიორებთან ერთად“, - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, ამ საერთო საფრთხეების საპასუხოდ სამხედრო და სამოქალაქო სტრუქტურებს შორის ურთიერთქმედება და პარტნიორობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
კერძოდ, ევროკომისია ბევრს აკეთებს კიბერუსაფრთხოების სამოქალაქო კომპონენტის განვითარებისთვის და ეს ძალისხმევა უკეთ უნდა იყოს კოორდინირებული იმასთან, რასაც შესაბამისი სამხედრო სტრუქტურები აკეთებენ. მისი თქმით, ევროკომისიის შეთავაზებაა, ასევე, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისთვის სამხედრო ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელიც იმუშავებს ევროპის თავდაცვის სააგენტოს ეგიდით. ეს საშუალებას მისცემს განავითაროს კიბერშეტევებზე სწრაფი რეაგირების უნარი, ასევე ჩაატაროს დაგეგმილი წვრთნები ამ სფეროში.
„ჩვენ ასევე დავიწყეთ მუშაობა ჩვენს პარტნიორებს შორის კიბერ თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაზე. ჩვენ ამას ვაკეთებთ ევროპის მშვიდობის ფონდის დახმარებით, ვეხმარებით უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას. ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ გავაფართოოთ ეს პარტნიორობა, განსაკუთრებით დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან. ზოგიერთი მათგანი, როგორიცაა ალბანეთი, დიდად განიცდის კიბერშეტევებს“, - დასძინა ბორელმა.
მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის სტრატეგიული კომპასის დებულებების პრაქტიკულ განხორციელებაში კიბერუსაფრთხოების შესახებ მთავარი როლი ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა შეასრულონ. სწორედ ასეთი მუშაობა უზრუნველყოფს მთელ ევროკავშირს რესურსებითა და ინსტრუმენტებით, რომლებსაც შეუძლიათ რეალურად შეცვალონ და გააძლიერონ ევროკავშირის პოზიცია, როგორც გლობალური მოთამაშისა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში.