საქართველო, 11 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველო აჩვენებს პროგრესს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაში, თუმცა არსებობს სფეროები, რომელშიც ჩეხეთი და ევროკავშირი მეტის გაკეთებას ან მეტ აქტიურობას ითხოვენ, – ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის მთავარმა დიპლომატმა ასეთ სფეროებად დაასახელა დეოლიგარქიზაცია და პოლიტიკური დაყოფა.
ლიპავსკიმ ინტერვიუს დროს ასევე თქვა, რომ „ჩეხეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ამბიციებს, თუმცა ეს ძალიან გრძელი პროცესია, რასაც სჭირდება მძიმე შრომა“.
ლიპავსკის განცხადებით, ახლა არსებულმა გეოპოლიტიკურმა კონტექსტმა, წარმოქმნა ნება ევროპაში, რომ ამ საკითხზე საქართველოსთან იმუშაოს.
„ნება მომეცით გავიმეორო, რომ ჩეხეთი მტკიცედ უჭერს მხარს ქართველების ევროპულ პერსპექტივას. თქვენი ქვეყნის საბოლოო მიზანი არის გახდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ეს ჩვენ ძალიან კარგად გვესმის და გიჭერთ მხარს. ვიცი, საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტს სურს საკუთარი ქვეყნის ევროკავშირის წევრად ხილვა. ეს ძალიან გრძელი და რთული, საპასუხისმგებლო პროცესია, ამის მისაღწევად აუცილებელია მძიმე შრომა. დღეს ჩვენ ვართ იმ ვითარებაში, როდესაც გეოპოლიტიკურმა კონტექსტმა წარმოქმნა ევროპაში ნება, რომ ამ საკითხზე საქართველოსთან იმუშაოს. ეს მოიცავს 12 რეკომენდაციას, რომელთა შესრულებაც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსამდე მიიყვანს. ჩეხეთი ამას ლობირებს გამომდინარე ჩვენი საერთო ისტორიული მსაგვსებიდან და ბედიდან, რაც გულისხმობს რუსეთის იმპერლიაზმის წინაშე ყოფნას. მინდა, ვთქვა, რომ საქართველო აჩვენებს პროგრესს ამ 12 რეკომენდაციის შესრულებაში, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სფეროები, რომელშიც ჩეხეთი და ევროკავშირის ინსტიტუტები მოითხოვენ მეტის გაკეთებას ან მეტ აქტიურობას. მე ვსაუბრობ დეოლიგარქიზაციაზე ან პოლიტიკურ დაყოფაზე, რომელიც უნდა შემცირდეს და დამშვიდდეს, რადგანაც ეს არის ამოცანა მთელი საზოგადოებისთვის, მთელი ქვეყნისთვის და არა კონკრეტული პოლიტიკური ძალებისთვის“, – განაცხადა ლიპავსკიმ.