სამართალი
საქართველოს პროკურატურამ ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა

 საქართველო, 10 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პროკურატურისა და შვიდი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის მიერ, ერთდროულად ოთხი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება ჩატარდა (ვიდეო იხ. აქ).

პროკურატურის ინფორმაციით, ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პოლიციის, პროკურატურისა და საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები ათეულობით ლოკაციაზე ჩაატარეს.

ფართომასშტაბიან ღონისძიებაში, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის 60 და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 300-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა.

ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა ხუთი ე.წ. ქოლცენტრის, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანებისა და სამუშაო ადგილების ჩხრეკა. ამოღებულია ასეულობით ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ამავდროულად ყადაღა დაედო სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებებსა და საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხებს.

ფართომასშტაბიანი ღონისძიების ფარგლებში, პირველ ეტაპზე სისხლისსამართლებრივი დევნა სხვადასხვა ქვეყანაში დაწყებულია დანაშაულის ორგანიზატორთა გარკვეული ნაწილის მიმართ, საქართველოში დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის მიერ ერთობლივად წარმოებული გამოძიება, უცხო ქვეყნებისა და საქართველოს მოქალაქეების მიერ, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით ჩამოყალიბებული ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობის გამოვლენას ეხება.

გამოძიების მიერ ამ ეტაპზე მოპოვებული ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობა მოიცავს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, კომპანიების დაფუძნებას და მათ ბაზაზე ე.წ. ქოლცენტრების მოწყობას. აღნიშნული ქოლცენტრების მეშვეობით ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეების კუთვნილი მილიონობით ევროს თაღლითურად დაუფლებას და შემდგომში მათ გათეთრებას.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ ე.წ. ქოლცენტრის ფუნქციონირებისათვის, სხვადასხვა საფირმო სახელწოდებით ქმნიდნენ ელექტრონულ სავაჭრო პლატფორმებს, რომლებიც უზრუნველყოფდა მომხმარებლისაგან თაღლითურად მოპოვებული თანხების განთავსებას ფიქტიური საწარმოების საბანკო ანგარიშებზე.

ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა საქართველოს პროკურატურისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და უწყებას ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის, მათ შორის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტურ უწყებებთან ნაყოფიერი თანამშრომლობის გამოცდილება აქვს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ანალოგიურ დანაშაულებზე, გერმანელ კოლეგებთან თანამშრომლობის შედეგად, სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს პროკურატურის მიერ დაწყებულია ე.წ. ქოლცენტრების საქმიანობაში ჩართული 36 ფიზიკური და ორი იურიდიული პირის მიმართ.

ამ შემთხვევაშიც გამოძიება, გერმანულ მხარესთან, ასევე საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფში ჩართული ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან, აქტიური თანამშრომლობით გაგრძელდება ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობაში ჩართული სხვა პირების მხილების მიზნით.

საქართველოს პროკურატურა მადლობას უხდის მაღალპროფესიონალურად და წარმატებით ჩატარებული ღონისძიებისთვის საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს. ასევე, აღნიშნული ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში გაწეული დახმარებისთვის, ევროჯასტის წარმომადგენლებს.

საქართველოს პროკურატურა ადასტურებს საკუთარ პატივისცემას საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს, ბატონი ელჩის, გერმანიის პოლიციის ატაშეს, ბამბერგისა და დრეზდენის გენერალური პროკურატურების, ასევე ბავარიისა და საქსონიის სახელმწიფო პოლიციის წარმომადგენლების მიმართ, და კიდევ ერთხელ გამოთქვამს ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღდეგ ბრძოლაში ეფექტიანი თანამშრომლობისათვის მზადყოფნას“, – აცხადებენ საქართველოს პროკურატურაში.