აქტუალური
საქართველოს ეროვნული გვარდიის ოცეული ცენტრალურ აფრიკაში გაემგზავრა

 საქართველო, 9 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 როტაციის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელი მისიის (EUTM RCA) შესასრულებლად გაემგზავრა.

ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები კაპიტან თორნიკე ღარიბაშვილის მეთაურობით, სამხედრო-საწვრთნელ მისიას (EUTM RCA) ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში, „მპოკოს“ ბაზაზე მოანას კემპზე შეასრულებენ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოება, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება იქნება.

ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელი მისია (EUTM RCA) ევროკავშირის სამხედრო–მრჩეველთა მისიის (EUMAM RCA) გაგრძელებაა, სადაც 2015 წლის ოქტომბრიდან ხუთი ქართველი სამხედრო მსახურობდა.

მანამდე, საქართველო ევროკავშირის სამხედრო მისიაში (EUFOR RCA) მონაწილეობდა, სადაც ქვეყანამ 2014 წლის ივნისში დაახლოებით 150 ჯარისკაცი გაგზავნა. 2014 წლის დეკემბერში მისიაში ქართველი სამხედროების რაოდენობა დაახლოებით 85 სამხედრომდე შემცირდა, რომლებიც იქ 2015 წლის მარტამდე მსახურობდნენ.