საქართველო, 8 ნოემბერი, საქინფორმი. მედიის ადვოკატირების კოალიცია "მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მიმართავს. წერილში აღნიშნულია, რომ "გვარამია პატიმარია მხოლოდ იმიტომ, რომ ის არის ხელისუფლების ხმამაღალი კრიტიკოსი და აქვს დიდი გავლენა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე".
"მის მიერ შექმნილი ტელეკომპანია „მთავარი არხი“ კი სხვა ტელეკომპანიებთან ერთად, ხელისუფლების მხრიდან თავდასხმისა და შევიწროების მუდმივი ობიექტია.
ვფიქრობთ, რომ ნიკა გვარამიას პოლიტიკური მოტივით დაპატიმრება უდიდესი დაბრკოლებაა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე", - ვკითხულობთ განცხადებაში.
კოალიცია მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიას შეწყალებაზე საქართველოს პრეზიდენტმა შესაძლოა, აზრი შეიცვალოს, თუ მას შარლ მიშელი მიმართავს.
"საქართველოს პრეზიდენტს უკვე არაერთმა საზოგადოებრივმა თუ პოლიტიკურმა ჯგუფმა მიმართა ამ თხოვნით. ვფიქრობთ, თქვენმა, როგორც საქართველოს დემოკრატიული განვითარების ერთგული მხარდამჭერის მიმართვამ შესაძლოა საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს გადაადგმევინოს ჰუმანური და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, შეიწყალოს კრიტიკული მედიის დირექტორი და პატიმრობიდან გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმარი.
ბატონო მიშელ, თქვენი შუამდგომლობა სერიოზულ წვლილს შეიტანს საქართველოში სიტყვის თავისუფლების დაცვაში და ძალას შემატებს ქართველი ხალხის მისწრაფებას ევროპისაკენ", - აღნიშნავენ ორგანიზაციები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ 2 ნოემბერს გამოაცხადა ნიკა გვარამიას განაჩენი. მათი გადაწყვეტილებით, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის სასჯელის ზომად მაინც 3 წელი და 6 თვე დარჩა, თუმცა მოსამართლეთა კოლეგიამ მას ბრალი დაუმძიმა.
გვარამიას ბრალდების ორივე ეპიზოდში გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში სასჯელის ზომად პატიმრობა განესაზღვრა.
ნიკა გვარამია დამნაშავედ ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. გვარამიას საქმე მოხვდა ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, რომელიც 9 ივნისს მიიღეს.
24 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლოში გამართულ ბოლო სხდომაზე ნიკა გვარამიამ საბოლოო სიტყვით ისარგებლა და გამოთქვა იმედი, რომ ის საპატიმროს დატოვებდა.