„ტორპედო“ თასის ფინალში მაღალჩინოსნების წყალობით გავიდა
26 მაისს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშებაში ერთმანეთს ქუთაისის „ტორპედო“ და გაგრის „გაგრა“ დაუპირისპირდნენ. დამატებით დროში გამარჯვება გაგრელებმა მოიპოვეს, თუმცა ბურთი საკუთარ კარში ქუთათურთა კაპიტანმა სევასტი თოდუამ ჩაჭრა. საინტერესო კი ის არის, რომ თამაშის წინა დღეს სასტუმრო „ბატესტაში“, სადაც „ტორპედო“ შეკრებას გადიოდა, გვიან საღამოს კლუბის პრეზიდენტმა ლევან ფხაკაძემ და იმერეთის სამხარეო გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ (რომელიც გუნდის „დიდი ქომაგია“, როგორც სხვა ბევრი გუბერნატორი) ფეხბურთელები შეკრიბეს.
საქინფორმის ინფორმაციით, მაქაცარიამ ფეხბურთელები დაამშვიდა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდებოდა, ქუთაისში გუნდი ღია ავტობუსით ივლიდა, ქალაქში კი საზეიმო ღონისძიებები იყო დაგეგმილი, რომლებიც ფოიერვერკით უნდა დასრულებულიყო. „ვისოლის“ ხელმძღვანელმა კი სხვა საკითხზე გაამახვილა ყურადღება და ფეხბურთელებს დაავალა, რომ მათ, ვისაც მეუღლეები ჰყავდათ, ჩანთით საზეიმო სამოსი წამოეღოთ (რამდენიმე მათგანი სტადიონზე იმ დღეს მართლაც სხვა სამოსით წარდგა). უფრო საინტერესო კი ის იყო, რომ „ტორპედოს“ ფინალში გასასვლელად „ზესტაფონი“ უნდა დაემარცხებინა, გუნდი, რომელიც წელს ქვეყნის ჩემპიონი გახდა. უდავოა, რომ ზესტაფონს ქუთაისელებზე უკეთესი გუნდი ჰყავთ. პირველი შეხვედრა ქუთაისში 1:0 დასრულდა. საქინფორმის წყაროს ცნობით, განმეორებით მატჩამდე ზესტაფონის დეპუტატი კახა გეწაძე, რომლის დიდ სიყვარულს ვერც შეატყობ ზესტაფონელებს (სწორედ მისი უშუალო „დამსახურებით“, ერთი წლით ადრე, საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“ საკუთარ არენაზე ვერ თამაშობდა, რადგან გეწაძის „რეკომენდაციები“ კლუბის პრეზიდენტმა ილია კოკაიამ „არ გაითვალისწინა“. ერთ დროს კოკაიამ გუნდის დაშლაც კი გადაწყვიტა და ამაზე საჯაროდ ალაპარაკდა), კოკაიას შეხვდა და მოსთხოვა, „ზესტაფონს“ „ტორპედო“ თასზე გაეტარებინა. განმეორებით შეხვედრაში მასპინძლებს თავი არ მოუკლავთ. რომც გაეტანათ ზესტაფონელებს, დავალება იყო, რომ ისევ გაეშვათ. ამის შესახებ კი ზესტაფონელი და ქუთაისელი ფანების შესარიგებელ სუფრაზეც ბევრი ითქვა. თასის ფინალში „გაგრამ“ მეტოქეს დიდი სიურპრიზი გაუკეთა. თამაშს ლევან კვარაცხელია სჯიდა. მისი სახელი ყოველთვის გარიგებულ და „ჩაწყობილ“ თამაშებს უკავშირდება, ამიტომ მისი მთავარი არბიტრის რანგში ხილვა გუნდებს დიდად არ გახარებიათ, თუმცა ეს შეხვედრა, ალბათ, ერთადერთი იყო, რომელიც კვარაცხელიამ მაღალ დონეზე ჩაატარა და შეცდომებიც ნაკლებად შეინიშნებოდა. გაგრელებმა მეტოქე ყველა რგოლში დაჯაბნეს. ვისზე რა უნდა ეთქვათ იმერეთის მაღალჩინოსნებს, როცა ქუთაისელებმა საკუთარ კარში გაიტანეს ბურთი და სწორედ ამ გოლის წყალობით დამარცხდნენ. მოგვიანებით სამთავრობო ლოჟიდან ისმოდა ხმები, რომ „გაგრა“ პოლიტიკის გამო გაიყვანეს ევროპის თასზე. თავად კი, ალბათ, „დაავიწყდათ“, რა პოლიტიკით გავიდა „ტორპედო“ ფინალში.